არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი
საქართველოს ვუკოლ ბერიძის სახელობის ტერმინოლოგიის ასოციაცია
წ ე ს დ ე ბ ა
თბილისი
27 ივნისი, 2017 წელი
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1.1. საქართველოს ვუკოლ ბერიძის სახელობის ტერმინოლოგიის ასოციაცია (შემდგომში `ასოციაცია~) არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი, წევრობაზე დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.
1.2. ასოციაციის სრული სახელწოდებაა: არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი საქართველოს ვუკოლ ბერიძის სახელობის ტერმინოლოგიის ასოციაცია; ინგლისურად _ Non-Profit (Non-Commercial) Legal Entity Vukol Beridze Association of Terminology of Georgia..
1.3. ასოციაციის იურიდიული მისამართია: საქართველო, თბილისი, მიცკევიჩის ქ. 18, ბ. 10, საფოსტო ინდექსი: 0194.
1.4. ასოციაციის ელექტრონული ფოსტის მისამართია: terminologyge@gmail.com
1.5. ასოციაცია იქმნება განუსაზღვრელი ვადით.
1.6. წესდებით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად საზოგადოებას უფლება აქვს განახორციელოს დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობა.
1.7. ასოციაციას აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, უფლება აქვს გახსნას საანგარიშსწორებო და სხვა სახის ანგარიშები როგორც საქართველოს, ისე უცხოეთის საბანკო დაწესებულებებში. ასოციაციას აქვს ბეჭედი და იურიდიული პირისთვის დამახასიათებელი სხვა რეკვიზიტები.
მუხლი 2. ასოციაციის მიზნები
2.1. ასოციაციის მიზნებია:
ა) ევროპულ ტერმინოლოგიურ სტანდარტებზე დაყრდნობით, ეროვნული ტერმინოლოგიური პრობლემებისა და ენის თავისებურებების გათვალისწინებით მოემსახუროს ქართული ენის სტანდარტიზაციის საქმეს;
ბ) ტერმინოლოგიური რესურსების კვლევა; იმ აქტივობების გაგრძელება და სამუშაოების გაფართოება, რომლებიც უკვე არსებობს ამ მიმართულებით;
გ) ტერმინოლოგიის კოორდინაციის პროგრამის შექმნა, რაც გულისხმობს ტერმინთშემოქმედებაზე პასუხისმგებელი პირების ურთიერთთანამშრომლობას საქართველოს საჯარო დაწესებულებებში, სააგენტოებსა თუ კერძო კომპანიებში;
დ) ტერმინოლოგიური ლექსიკონების, ტერმინოლოგიის პორტალისა და ტერმინთა ეროვნული ბანკის შექმნა, რომელშიც არსებული ტერმინები და ტერმინთა კრებულები ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება; ტერმინოლოგიის შესახებ ინფორმაციის ფართო გავრცელება (ტერმინთა ბაზებსა თუ სხვა წყაროებზე საზოგადო წვდომა, ტერმინოლოგიურ მონაცემთა ბაზებსა და ლექსიკონებზე ინფორმაციის მიწოდება); სამთავრობო უწყებებისა და კერძო ორგანიზაციებისთვის ტერმინოლოგიური მომსახურების შეთავაზება;
ე) ტერმინოლოგიური სწავლების პროგრამის შედგენა და სასწავლო მასალების მომზადება (მაგ., ევროკავშირის ტერმინოლოგიის გზამკვლევის ქართულად თარგმნა, დარგობრივი ენის შესახებ ზოგადი ცოდნის ამაღლება; ტერმინოლოგიის საკითხებთან დაკავშირებით საჯარო ლექციების გამართვა);
ვ) საქართველოში მოღვაწე ტერმინოლოგთა კვლევის შედეგების გამოქვეყნება სამეცნიერო კრებულებსა და ჟურნალებში როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ (სამეცნიერო სტატიები, რეცენზიები, ანოტაციები, სამეცნიერო მუშაობის ანგარიშები);
ზ) საქართველოს ტერმინოლოგთა საერთაშორისო კავშირ-ურთიერთობების კოორდინაცია, მეცნიერული თანამშრომლობის გაფართოება-განმტკიცება უცხოელ კოლეგებთან; საერთაშორისო კონგრესებსა და კონფერენციებში საქართველოს ტერმინოლოგთა მონაწილეობის ხელშეწყობა; საერთაშორისო მეცნიერული, საბიბლიოთეკო კავშირების განმტკიცებისა და ბიბლიოგრაფიული ინფორმაციის გაცვლის ხელშეწყობა;
თ) საქართველოს ტერმინოლოგთა წარმომადგენლობის უზრუნველყოფა ტერმინოლოგთა საერთაშორისო ასოციაციასა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში;
ი) საქართველოს სამეცნიერო საზოგადოების ინფორმირება ტერმინოლოგთა საერთაშორისო ასოციაციისა და შესაბამისი მიმართულების სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ.
მუხლი 3. ასოციაციის წევრად მიღება
3.1. ასოციაციის წევრი შეიძლება გახდეს უმაღლეს სასწავლებლებში, აკადემიურ სამეცნიერო-კვლევით ცენტრებში, მუზეუმებსა და ბიბლიოთეკებში მოღვაწე სხვადასხვა დარგის მეცნიერი, ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც იზიარებს ასოციაციის მიზნებს.
3.2. ასოციაციის წევრობის მსურველი წერილობითი განცხადებით მიმართავს ასოციაციის თავმჯდომარეს, რომელიც წევრად მიღების საკითხს წყვეტს განცხადების შეტანიდან ერთი თვის ვადაში.
3.3. პირი, რომელიც აქტიურად უჭერს მხარს ასოციაციის საქმიანობას, ასოციაციის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შეიძლება მიღებულ იქნეს ასოციაციის საპატიო წევრად. საპატიო წევრზე არ ვრცელდება ასოციაციის წევრისთვის ამ წესდებით განსაზღვრული უფლებები და მოვალეობები.
3.4. ასოციაციის დამფუძნებლები და შემდგომ გაწევრიანებული პირები თანაბარი სტატუსით სარგებლობენ და აქვთ თანაბარი უფლება-მოვალეობები.
მუხლი 4. ასოციაციის წევრობის შეწყვეტა
4.1. ასოციაციის წევრს უფლებამოსილება უწყდება:
ა) საკუთარი განცხადების საფუძველზე;
ბ) სასამართლოს გადაწყვეტილებით მისი უგზო-უკვლოდ აღიარებისას;
გ) სასამართლოს გადაწყვეტილებით მისი გარდაცვლილად გამოცხადებისას;
დ) გარდაცვალებისას;
ე) ასოციაციის წევრობიდან გარიცხვისას.
4.2. ასოციაციიდან წევრი შეიძლება გაირიცხოს იმ შემთხვევაში, როდესაც მისი საქმიანობა ეწინააღმდეგება ასოციაციის მიზნებს, იგი არღვევს წესდებით მისთვის დაკისრებულ მოვალეობებს, ლახავს ასოციაციის საქმიან რეპუტაციას, ასოციაციასთან შეთანხმების გარეშე დადგენილ ვადაში არ გადაიხდის საწევრო გადასახადს.
4.3 გადაწყვეტილებას ასოციაციის წევრისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ იღებს ასოციაციის წევრთა საერთო კრება.
მუხლი 5. ასოციაციის წევრთა უფლება-მოვალეობები
5.1. ასოციაციის წევრს უფლება აქვს:
ა) მონაწილეობა მიიღოს ასოციაციის წევრთა საერთო კრების მუშაობაში;
ბ) მონაწილეობა მიიღოს ასოციაციის პროგრამებსა და პროექტებში;
გ) მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია ასოციაციის საქმიანობის შესახებ;
5.2. ასოციაციის წევრი მოვალეა:
ა) დაიცვას ასოციაციის წესდება და მმართველი ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები;
ბ) გაუფრთხილდეს ასოციაციის საქმიან რეპუტაციას და ქონებას;
გ) მონაწილეობა მიიღოს ასოციაციის საქმიანობაში;
დ) გადაიხადოს საწევრო გადასახადი დადგენილი წესითა და ოდენობით.
მუხლი 6. ასოციაციის წევრთა საერთო კრება
6.1. ასოციაციის მმართველობის უმაღლესი ორგანოა ასოციაციის წევრთა საერთო კრება.
6.2. საერთო კრება ტარდება საჭიროებისამებრ, მაგრამ წელიწადში ერთხელ მაინც. საერთო კრება მოიწვევა ასოციაციის თავმჯდომარის ან ასოციაციის წევრთა არანაკლებ ერთი მესამედის მიერ.
6.3. საერთო კრების მოწვევის შესახებ ასოციაციის ყველა წევრს უნდა ეცნობოს კრების ჩატარებამდე სულ მცირე ერთი კვირით ადრე წერილობით, ელექტრონული ფოსტით, სატელეფონო შეტყობინებით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით, რომელიც იძლევა ადრესატის მიერ ინფორმაციის მიღების დადასტურების საშუალებას.
6.4. საერთო კრება უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარი მაინც. საერთო კრება გადაწყვეტილებას იღებს დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. ყოველ წევრს აქვს ერთი ხმა. ხმის გადაცემა დაუშვებელია.
6.5. საერთო კრების მონაწილეები თავიანთი შემადგენლობიდან ხმების უმრავლესობით ირჩევენ კრების თავმჯდომარეს. კრების გადაწყვეტილების მიღებისთანავე თავმჯდომარე ადგენს და ხელს აწერს ოქმს.
6.6. კრების მოწვევა არ არის აუცილებელი, როცა ასოციაციის ყველა წევრი წერილობით დაეთანხმება განსახილველ საკითხს. წერილობითი თანხმობა კრების ოქმის ტოლფასია და ითვლება კრების გადაწყვეტილებად.
მუხლი 7. ასოციაციის წევრთა საერთო კრების უფლებამოსილებები
7.1. ასოციაციის წევრთა საერთო კრება იღებს გადაწყვეტილებას შემდეგ საკითხებზე:
ა) ასოციაციის წესდების მიღება და მასში ცვლილების შეტანა;
ბ) ასოციაციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა;
გ) ასოციაციის თავმჯდომარის არჩევა და გათავისუფლება, მისი შრომის ანაზღაურების განსაზღვრა;
დ) საწევრო გადასახადის ოდენობისა და გადახდის წესის განსაზღვრა;
ე) ასოციაციის წევრისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა;
ვ) ფილიალების, წარმომადგენლობების, სხვა ორგანოების შექმნა, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია; ასოციაციის სხვა ორგანიზაციებში, მათ შორის საერთაშორისო და უცხოეთის ორგანიზაციებში გაწევრიანება და გამოსვლა ამ ორგანიზაციებიდან;
ზ) ასოციაციის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია;
თ) ასოციაციის უძრავი ქონების შეძენა და განკარგვა.
ი) ყველა სხვა საკითხზე, რომელთა მნიშვნელობა სცილდება ასოციაციის ჩვეულებრივ საქმიანობას.
მუხლი 8. ასოციაციის ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა
8.1. ასოციაციის ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილებას ახორციელებს ასოციაციის თავმჯდომარე.
8.2. ასოციაციის თავმჯდომარეს თავის წევრთაგან ირჩევს ასოციაციის წევრთა საერთო კრება 5 წლის ვადით. ასოციაციის თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს ასოციაციის ყოველ წევრს. ასოციაციის თავმჯდომარის უფლებამოსილება იწყება მისი არჩევის მომენტიდან და გრძელდება ახალი თავმჯდომარის არჩევამდე.
8.3. ასოციაციის თავმჯდომარე:
ა) წარმართავს ასოციაციის საქმიანობას საწესდებო მიზნების მისაღწევად;
ბ) წარმოადგენს საზოგადოებას მესამე პირებთან ურთიერთობაში;
გ) ასოციაციის სახელით დებს ხელშეკრულებებს იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან, ხსნის ბანკებში საანგარიშსწორებო და სხვა სახის ანგარიშებს;
დ) ხელს აწერს ასოციაციის ოფიციალურ დოკუმენტებს;
ე) იღებს გადაწყვეტილებას ყველა იმ საკითხზე, რომელიც არ განეკუთვნება ასოციაციის სხვა ორგანოს უფლებამოსილებას.
8.4 ასოციაციის თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლება შეუძლია ასოციაციის წევრთა საერთო კრებას თავმჯდომარის მიერ წესდებით განსაზღვრული მოვალეობების შეუსრულებლობის ან ასოციაციის საწესდებო მიზნებთან შეუსაბამო ქმედებებისთვის. ასეთ შემთხვევაში საერთო კრება ერთი თვის ვადაში ირჩევს ახალ თავმჯდომარეს.
მუხლი 9. ასოციაციის ქონება
9.1. ასოციაციის ქონება იქმნება საწევრო გადასახადების, წევრთა და სხვა პირთა შემოწირულობების, გრანტების, დამხმარე სამეწარმეო საქმიანობითა და კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით მიღებული სხვა შემოსავლისგან.
9.2. ასოციაციის ქონება შეიძლება მოხმარდეს მხოლოდ მისი საწესდებო მიზნების განხორციელებას.
მუხლი 10. ასოციაციის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
10.1. ასოციაციის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
10.2. გადაწყვეტილებას ასოციაციის რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ იღებს ასოციაციის წევრთა საერთო კრება.
მუხლი 11. დასკვნითი დებულებები
11.1. წინამდებარე წესდება ძალაში შედის საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მისი რეგისტრაციის მომენტიდან.
11.2. თუ ამ წესდების რომელიმე დებულება ბათილად იქნება ცნობილი, ეს გავლენას არ მოახდენს წესდების სხვა დებულებების ნამდვილობაზე.
ნინო დათეშიძე (პ/ნ 01030014730)
ქეთევან დათუკიშვილი (პ/ნ 01005006758)
ნელი მახარაძე (პ/ნ 010220003018)
დამანა მელიქიშვილი (პ/ნ 01024020142)
ნათელა მუზაშვილი (პ/ნ 01008012591)
მარინე ოსაძე (პ/ნ 01012012543)
ლია ქაროსანიძე (პ/ნ 01024015398)
ემზარ ჯგერენაია (პ/ნ 29001002832)
ინგა ჯიბუტი (პ/ნ 01026002135)
ანა ხურცილავა (პ/ნ 62006059772)