ბლოგი

ხაჭაპური – ქართული რიტუალური პური

0 0 magda

ყველასათვის საყვარელი ხაჭაპური უბრალო კერძი როდია. მას თავისი ისტორია აქვს არა მხოლოდ კულინარიული თვალსაზრისით, არამედ ის გარკვეულ ეროვნულ ნიშანს, ერთგვარ მისტიკასაც ინახავს. თსუ არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მეცნიერმა თანამშრომელმა მერაბ ჩუხუამ საქართველოს გასტრონომიის ასოციაციისა და “გუნდას”  თხოვნით  სიტყვა ხაჭაპურის ეტიმოლოგია გამოიკვლია. გთავაზობთ ამ ეტიმოლოგიურ ნარკვევს, რომელიც პირველად ქვეყნდება:

„ჯერ კიდევ სულხან საბა ორბელიანის ლექსიკონიდან ცნობილი და ქართული ენის დიალექტებში ფართოდ გავრცელებული ქართული სიტყვა ხაჭაპურ-ი ორკომპონენტიან რთულ/ შედგენილ ლექსიკურ ერთეულს წარმოადგენს. მეორე ნაწილი, ცხადია, ქართ. პურ– სიტყვას წარმოგვიდგენს, ხოლო პირველი ხაჭა– კი გამარტივებული სახეობაა ხაჭუა/ხაჭვა „ხაჭო“ სიტყვისა. ეს უკანასკნელი დღემდე ხაჭუა/ხაჭვა  ფორმით დასტურდება რაჭულ დიალექტში. შეიძლება ითქვას, რომ დასავლურქართული ხაჭაპურ-ი რაჭული დიალექტის წიაღშია ჩასახულ-წარმოშობილი. ხაჭვა -> ხაჭა გამარტივების პროცესი დისიმილაციურია თავისი ბუნებით; კერძოდ, მომდევნო პურ– სიტყვის წყვილბაგისმიერი -ს ზეგავლენით ასევე წყვილბაგისმიერი წინამავალი დაიკარგა, ანუ ენაში ისტორიულად ხაჭვაპურ-ი -> ხაჭაპურ-ი გამარტივების პროცესი განხორციელდა. კახური ხაჭოპურ-ი, რომელიც ხახვში მოხრაკული ხაჭოთი მზადდება, შეიცავს ხაჭო-ს და არა ხაჭა-ს, ისევე, როგორც მოხევურში, სადაც ხაჭოპურ-ი ქერ-სვილის ნამცხვარია ხაჭოს გულით. ამავე სტრუქტურისაა ქართულ ენაში ერბოპურ-ი სიტყვაც. ამიტომაც ნაკლებსავარაუდოა აჭარულ ხაჭა „ჭოკი; კაკლის საბერტყი ჯოხი“ სიტყვასთან რაიმენაირი კავშირი ხაჭაპურ-ისა. საგულისხმოა, რომ შედგენილობის თვალსაზრისით ანალოგიური ვითარება იკვეთება აფხაზურ ენაში, სადაც აჩაშ „ხაჭაპური“ უდრის აჩა „პური“ + აშვ „ყველი“. ხოლო მეგრულში გავრცელებული ხაჭაბურ-ი „ხაჭაპური“ განსხვავებული წარმომავლობის კომპოზიტია და უდრის ხა „ხელი“ + ჭაბურ-ი „წებილი“, ანუ ხელნაწები.

ხაჭაპურის ტრადიცია, რომ ნამდვილად ქართულია იქიდანაც ჩანს, რომ ენაში ფიქსირდება სინონიმური ქადა „ერბოიანი; ერბოთზელილი პური“ (საბა) სიტყვაც, რომლის კანონზომიერი შესატყვისია სვანური ქადაარ „ქადა“. სწორედ ქართული ქადა ხდება წყარო თურქული ქეთე, სომხური გათა / ქეთა და ა. შ. ალომორფებისათვის, ვინაიდან წოვათუშური ქოტარ „კვერი რაიმე შიგთავსით“ და ჩეჩნური (ხილდიხაროული) ქოდან „ხორციანი კვერი“ ფორმების ქართველური ქადა/ქადარ-ის კანონზომიერი შესატყვისებია.

ცალკე დგას სვანური ქუთვ „ხაჭაპური“ სიტყვაც, რომელსაც დაღესტნური პარალელები უდასტურდება, შდრ. ლაკური ქუთთუ / ჩუთთუ „ღვეზელი“, ლეზგ. ქუთ „პურის სახეობა“…

ასე რომ, ყოველივე ზემოთ თქმული სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ ხაჭაპური, როგორც კულინარიული მოვლენა/კულტურა, საქართველოში განვითარდა, იგი ქართული სუფრის განუყოფელი ფენომენია“ (მერაბ ჩუხუა, თსუ არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ლექსიკოლოგიის განყოფილების გამგე).

გასტრონომიის ქართველი მკვლევრების ნამუშევრებში ბევრ საინტერესო მასალას ვპოულობთ ხაჭაპურის წარმოშობისა და ისტორიის შესახებ. სიტყვა ხაჭაპური პირველად XVII საუკუნის ჩანაწერებში, არქანჯელო ლამბერტის მოგონებებში გვხვდება, მაგრამ მას უფრო ძველი ისტორია აქვს. ხაჭაპურის ტიპის საჭმელი ანტიკურ ცივილიზაციაშიცაა ნახსენები. კოლხურ კულტურაში მის მსგავს სარიტუალო პურს კვიკვინები ერქვა. ეს იყო მრგვალ ცომში ჩადებული ყველი. გულსართს კანაფის თესლს ურევდნენ და მას ღადარში აცხობდნენ მზის დაბადების, ბუნიობის დღესასწაულისათვის. ამგვარი მრგვალი პური მზისადმი შესაწირს წარმოადგენდა.

ისევე, როგორც ბევრი წინარექრისტიანული ტრადიცია, ხაჭაპურის წარმართული, რიტუალური დანიშნულებაც ადვილად შეერწყა ქრისტიანულ წეს-ჩვეულებებს. ეს უთუოდ იმანაც განაპირობა, რომ ზოგადად პური ქრისტიანებისათვის უდიდეს სიწმინდესთან, მაცხოვრის წმინდა ხორცთანაა გაიგივებული. შესაბამისად, ხაჭაპურმაც ადვილად დაიმკვიდრა ადგილი ქრისტიანი ქართველის ცხოვრებაში. ამის ერთ-ერთი მაგალითია რაჭული განატეხი პური. ამ ხაჭაპურსაც გაზაფხულზე, ბუნიაობას აცხობდნენ. რაჭველი ქალები დილით ადრე დგებოდნენ, ტრადიციის თანახმად, უბრად უნდა გამოეცხოთ რიტუალური პური. გულსართისთვის ყველში ურევდნენ ნიგოზს. გამომცხვარ პურს ხელისგულზე იდებდნენ და ისე ადიოდნენ მრავალძალის ეკლესიაში. ლოცვით უვლიდნენ ტაძარს გარშემო. თვითონ პურს ეგრეთ წოდებული მოსაჭიკჭიკებლით გარკვეულ ფიგურებს აბეჭდავდნენ – ბორჯღალის ან ჩიტის ფორმას. ტრადიციის თანახმად, ქალი ყველა შემხვედრს უნაწილებდა ხაჭაპურს. ქრისტიანული თვალსაზრისით ამას მადლის გადანაწილების დატვირთვა ენიჭებოდა.

ქრისტინაობამდელი და ქრისტიანული ტრადიციათა შერწყმის მაგალითი უნდა გვქონდეს გურული ხაჭაპურის, ეგრეთ წოდებული საშობაო ღვეზელების შემთხვევაშიც. ტრადიციის მიხედვით ოჯახში იმდენივე ღვეზელი უნდა გამოცხვეს, რამდენი წევრიც ცხოვრობს, შობის დადგომისთანავე კი ოჯახის ერთ-ერთი წევრი (ხშირ შემთხვევაში, დიასახლისი) მუცლის სალოცავებს უკითხავს თითოეულს. ეს ტრადიცია გურულ ოჯახებში დღემდეა შემორჩენილი.

დღეს თითოეული ჩვენგანი, ალბათ, 8-მდე სახეობის ხაჭაპურს თუ გაიხსენებს, ხოლო მისი რიტუალური დანიშნულება ერთეულებს თუ ემახსოვრება. არადა, როგორც გასტრონომიის მკვლევრები ამბობენ, ამჟამად დაახლოებით 47 სახეობის ხაჭაპურია ისტორიულად აღწერილი. ყოველი მათგანი ერთმანეთისგან განსხვავდება როგორც ცომის მოზელის, ისე გულსართის შეზავების ტექნოლოგიით. ყოველი სახეობის ხაჭაპურს სარიტუალო დატვირთა ჰქონდა. ხშირად თვით გამოცხობის პროცესიც კი მთელი რიტუალი გახლდათ. მაგალითად, სვანეთში ცხვებოდა ხაჭაპურის სახეობა, ქელეხის პური – ქნაშ. ტრადიციულად, მას მოხალული კანაფის თესლს უმატებდნენ გულსართში. თესლის მოხალვასა და ხაჭაპურში ჩამატებას გარკვეული სარიტუალო დატვირთვა ჰქონდა, ამიტომ მაშინ, როცა კანაფის თესლის გამოყენება კანონით აიკრძალა, ის გოგრის თესლით ჩაანაცვლეს.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, დასაფასებელია გასტრონომიის ასოციაციის ინიციატივა, საქართველოში გვქონდეს ხაჭაპურის ეროვნული დღე. ასეთ დღედ მათ 27 თებერვალი გამოაცხადეს. გასტრონომიის ასოციაციისავე ძალისხმევით ქართული გასტრონომიის კვლევაში ჩართულია სხვადასხვა მიმართულების მკვლევრები,  „პირველ რიგში, ჩვენ გვჭირდება კვლევა, ეს არის ყველაზე მთავარი ნაწილი, რომ სწორად დაიგეგმოს სტრატეგია, მოხდეს გასტრონომიის პოპულარიზაცია, რაც საბოლოოდ განაპირობებს ბიზნესმენების მოტრიალებას ამ მიმართულებით“ – ამბობს გასტრონომიის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ქოქიაშვილი.

 

გამოყენებული წყაროები

მერაბ ჩუხუა, ხაჭაპური (ეტიმოლოგიური კვლევა).

საქართველოს გასტრონომიის ასოციაცია, „27 თებერვალი – ხაჭაპურის ეროვნული დღე“.

გასტრონომიული კულტურის მკვლევარი დალილა ცატავა, ინტერვიუ, გადაცემა „დილის პალიტრა“. 2021 წ.

გასტრონომიული კულტურის მკვლევარი დალილა ცატავა, ინტერვიუ, გადაცემა „დილა ფორმულაზე“, 2022 წ.

მარიამ ადამია, ინტერვიუ ლევან ქოქიაშვილთან – „ლევან ქოქიაშვილი: ქართული გასტრონომია მსოფლიოსთვის უცნობია“.

 

სტატია მოამზადა ლინდა გიორგაძემ, არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის თარგმნითი ლექსიკონებისა და სამეცნიერო ტერმინოლოგიის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელმა.

ფოტოები მოგვაწოდა ლევან ქოქიაშვილმა.

ქართული სამზარეულო და ტერმინოლოგია

270 174 magda

ლია ქაროსანიძე, თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის თარგმნითი ლექსიკონებისა და სამეცნიერო ტერმინოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი: ენათმეცნიერების მესამე საერთაშორისო კონფერენციაზე  „ტერმინოლოგია – მემკვიდრეობა და თანამედროვეობა“ (თბილისი, 29-30 ოქტომბერი, 2022 წელი) გვინდა გამოვკვეთოთ ქართული სიტყვა და მასში წარმოჩენილი კულტურა. გასტრონომია ის სფეროა, რომელშიც ბევრი ეროვნული ცნებაა და,  ცხადია, მათი აღმნიშვნელი ქართული სიტყვებიც თანდათან მკვიდრდება ინგლისურსა თუ სხვა ენებში.  ქართული გასტრონომიული კულტურის მსოფლიოსთვის გაცნობას თან ახლავს ქართული სიტყვების გამოჩენაც საერთაშორისო ენობრივ სამყაროში, რაც ქართველ ენათმეცნიერებსაც უჩენს გარკვეულ საფიქრალსა  და საკვლევს. თითოეული ქართული სიტყვის დაცვა და მასში ასახული კულტურის წარმოჩენა უდიდეს მნიშვნელობას იძენს ციფრულ ეპოქაში, რომელმაც მეტად დააახლოვა და ერთმანეთის წარსულსა თუ აწმყოში დაკვირვებითა და ინტერესით ჩაახედა ერები.  მზად ვართ, ჩვენი კულტურითა და ენით დაინტერესებულ მსოფლიოს სრულფასოვნად გავაცნოთ  საქართველო და ქართული ენა?  – ამ კითხვით მივმართეთ გასტრონომიის მკვლევრებსა და ენათმეცნიერებს:

 

ესმა კუნჭულია, ლინგვისტი, „გასტრონომიული მუზეუმის დამფუძნებელი“, ტელეწამყვანი: „არის კი სიტყვა მხოლოდ სიტყვა და რატომ არის  სიტყვა – სიტყვაზე მეტი? ეს შეკითხვა არ ეხებათ ლინგვისტებს, ლიტერატორებს, ფილოლოგებს, ლექსიკოგრაფებს,  პოეტებს, დრამატურგებს, სემიოტიკოსებს, ჟურნალისტებს… მათ ვინც, იციან, რომ  სიტყვა სიტყვაზე ბევრად მეტია. სიტყვა – კოდია და კაცობრიობის ენის ამოდგმიდან სიტყვა ატარებდა და ატარებს ინფორმაციას, ამბავს, მსოფლმხედველობას,  საიდუმლოს – საუკუნიდან საუკუნეში… და სიტყვას ისევე შეუძლია მოქმედება, როგორც სამშობლო-მიწის ცნებას, როგორც კანონს, როგორც „სამართლებრივ დოკუმენტს“, როგორც წამალს და როგორც საწამლავს. სიტყვა შეთანხმებაა, სიტყვა სამყაროს სურათია, სამყაროს აღქმაა, ემოციაა და ყოველ სიტყვას ისევე უნდა გავუფრთხილდეთ, როგორც საგანძურს. მითუმეტეს ისეთი მცირე ერების ენების მარაგს, როგორიც საქართველოა და სადაც ქართველურ – სვანურ, მეგრულ-ლაზურ და ქართულ  – ენებში „იმარხება“ წინარე ქართველთა საიდუმლო. „გასტრონომიული მუზეუმის“ სახელით დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ ლია ქაროსანიძეს და მესამე საერთაშორისო კონფერენციას „ტერმინოლოგია   –  მემკვიდრეობა და თანამედროვეობა“, რომელიც თბილისში ტარდება. თითოეული ქართული სიტყვის დაცვით ჩვენ შევძლებთ, ქართველ ერსა და მსოფლიოს შევუნარჩუნოთ ერთ-ერთი უძველესი ენის ნიშანთა სისტემა“.

ანა მიქაძე -ჩიკვაიძე, ქართული ყველის ისტორიის მკვლევარი, ყველის მწარმოებლთა გილდიის თავმჯდომარე: ქართული რძის პროდუქტების კვლევა მწირად არის წარმოდგენილი, ზოგადად, სამურნეო კულტურის მკვლევართა ნაშრომებში. ცხადია, ტერმინების დაზუსტება ძალიან წაადგება როგორც სამეცნიერო საზოგადოებას, ისე ამ თემით დაინტერესებულ სხვადასხვა ჯგუფს, მათ შორის, პრაქტიკოს მეყველეებსა და ტექნოლოგებს. დღეს არავინ იცის, რატომ არის კრებსითი იმერული ასე უსამართლოდ გავრცელებული მთელ საქართველოში, როცა არსებობდა კაზლა , თავი ყველი, სუფრის ყველი და ზოგადად რძის პროდუქტებს მეგრულად ჰამოს ან თეთრეულს რომ ეძახდნენ, სად გაქრა ეს სახელწოდებები. რატომ დამკვიდრდა სიტყვა ტენილი ამ უნიკალური ყველის სახელად და, მაგალითად, რას ნიშნავს სახელდება წყალდასხმულა ან ჩეოგუასა და სენეს რა დანიშნულება ჰქონდა და როგორ გამოიყენებდნენ აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში.

დალი ცატავა – გასტრონომიის მკვლევარი: ქართული გასტრონომიული კულტურა არის ძირძველი, რასაც       ანტიკური წყაროები  და საქართველოს როგორც ღვინის სამშობლოდ აღიარებაც ადასტურებენ. ასევე მსოფლიოში არსებული 17 უმთავრესი ხორბლის ჯიშიდან ხუთი ენდემური ქართულია… ამიტომაც გვქონდა საკუთარი ტერმინოლოგია როგორც კულინარიაში, კვების კულტურაში, ასევე ღვინის ტერმინები რომელთა აღდგენასაც  ვცდილობთ. გვინდა,  გავაცოცხლოთ და გავაცნოთ მთელ სამყაროს.

ჩვენი გასტრონომიული კულტურა გვაძლევს იმის ფუფუნებას,  რომ შევკრიბოთ და გავაციფრულოთ, მსოფლიოსთვის ხელმისაწვდომი და პოპულარული გავხადოთ ქართული სამზარეულო და კვების ხელოვნება, რადგან ასეთ პატარა გეოგრაფიულ არეალში, როგორიც საქართველოა, ყველა რეგიონში თავისებური  კერძებია, ყველეული და სასმელი, რომელთაც ძალიან საინტერესო სახელები აქვთ, თითქოსდა ტექნოლოგიურ პროცესს და რიტუალს ერთბაშად აღწერს ერთ სახელწოდებაში და აქსოვს ქართულ სტუმართმოყვარეობას. 

სალომე ომიაძე  – ენათმეცნიერი, თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ზოგადი ენათმეცნიერების განყოფილების ხელმძღვანელი: ჩვენს დროში ძალიან გავრცელებულია კულტურის განსაზღვრება მეხსიერების მეშვეობით. ბუნებრივი ენაც, ისევე როგორც კულტურა, ერის კოლექტიური და ცოცხალი მეხსიერებაა. ამ საერთო მეხსიერების გარეშე, წარმოუდგენელია საერთო კულტურისა და საერთო ენის არსებობა, აქედან გამომდინარე – ცალკეული ერის არსებობაც. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ენის მეხსიერება ყველა მეხსიერებაზე უფრო ტევადია. ამდენად, ენის კვლევას, გარდა სახელდობრ ლინგვისტიკურისა, ფართო კულტუროლოგიური  ინტერესი და მნიშვნელობა აქვს. სამყაროს ქართულენოვანი სურათის სრულყოფილი აღწერისათვის  ყველა კულტურული კოდის (სომატური, სივრცული, დროითი, საგნობრივი, ბიომორფული …) შესწავლა აუცილებელია, თუმცა ეროვნული კულტურის თავისებურების გამოსავლენად განსაკუთრებული მნიშვნელობა კვების სფეროს ენიჭება, რომელშიც ისეთი უძველესი კულტურული კოდი  რეალიზდება, როგორიც გასტრონომიული (კულინარიული / გლუტონიური) კოდია. გლუტონიური დისკურსი კომუნიკაციური პრაქტიკის ის სახეა, რომელშიც ინტენსიური და თვალსაჩინოა კულტურისა და ენის ურთიერთქმედება. კულტურული ინფორმაცია შენახულია გლუტონიმთა მნიშვნელობის როგორც დენოტაციურ, ასევე კონოტაციურ ასპექტში. ზოგჯერ კერძი მივიწყებულია, მაგრამ, ხატოვნად რომ ვთქვათ, დავიწყებისთვის არ არის განწირული იმდენად, რამდენადაც მისი სახელი, მნიშვნელობის გადატანის საფუძველზე, თანამედროვე ენის მატარებელთა მეტყველებაში აგრძელებს ცხოვრებას. ასეთია, მაგალითად, დომხალი. დუღილით შესქელებული, გაწურული და მწვანილით შენელებული დო აღარ არის აქტუალური ქართველთა კვებაში, მაგრამ დღესაც ხშირად გაიგონებთ ერთმანეთში არეულ-დარეული რამის, უთავბოლო ნაწერის ან ნათქვამის შეფასებისას, დომხალიაო. ზოგიერთი ლექსემა, თანამედროვე ტერმინოლოგია რომ გამოვიყენოთ, კულინარიული რეცეპტის რედუცირებული ფორმაა, ასეთია, მაგალითად, იგივე დომხალი, ერბოკვერცხი, ერბოჭიმური, ჩახოხბილი, ნიორწყალი, მხლოვანი, ხაჭაპური. აქვე უნდა დავიმოწმოთ კერძის მომზადების სხვადასხვა ხერხის სახელდებით მიღებული სახელწოდებები, ვნებითი გვარის ნამყო დროის მიმღეობები: ჩაქაფული, ჩაშუშული, ნადუღი და სხვ. როცა სრულად აღვწერთ და შევისწავლით კვებასთან დაკავშირებულ ლექსიკას, მაშინ ქართული გასტროკულტურის ნამდვილი მატიანე გვექნება, რადგან ენაა ყველაზე დიდი და მკვიდრი საცავი იმ ცნობებისა თუ მოვლენებისა, რომლებსაც საუკუნეები გვაშორებს და რომლებთან მიახლოებაც ისევ მშობლიური ენის ძალით არის შესაძლებელი.

მერაბ ჩუხუა, ენათმეცნიერი, თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ლექსიკოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი: საერთაშორისო კონფერენცია  „ტერმინოლოგია – მემკვიდრეობა და თანამედროვეობა“ (თბილისი, 29-30 ოქტომბერი, 2022 წელი) აგრძელებს მეტად ღირებულ ტრადიციას, რაც საქართველოში ორასზე მეტი წელია მკვიდრდება და ჩვენი სახელმწიფოს მხრიდან იმსახურებს ჯეროვან ყურადღებას, თვით გრძელვადიანი სამოქმედო სპეციალური ტერმინოლოგიური პოლიტიკის შემუშავების აუცილებლობით. საზოგადოდ, ღრმად ვარ დარწმუნებული ქართული სიტყვა და მასში წარმოჩენილი რეალობა ადეკვატურად ასახავს ქართველთა ცივილიზაციურ საწყისებს და კულტურას. სახელდობრ, გასტრონომია ის სფეროა, რომელიც სპეციალურ და ამასთან კომპლექსურ კვლევას საჭიროებს.  მნიშვნელოვანია ყველა მიმართულებით საერთოქართველური ლინგვოკულტურული მემკვიდრეობის რეკონსტრუქცია და შემდგომ აღდგენილი ენობრივი მდგომარეობის ისტორიული, ეთნოლოგიურ-ეთნოგრაფიული და არქეოლოგიური კულტურების არტეფაქტებთან შეთანადება; იმის გარკვევა, თუ რა გვაქვს ენობრივ დონეზე და რა გვაკლია ყოფაში, ასევე, პირიქით.   ამგვარი სამეცნიერო ამოცანის გადაჭრა მხოლოდ კვალიფიციური და კომპლექსური კვლევებით არის შესაძლებელი. თითოეული ქართული სიტყვა/ტერმინი ნაწილია ჩვენი უნიკალური კულტურული მემკვიდრეობისა, ნივთისა და მისი ქართველური სახელის პოვნიერება კი იმის პირდაპირი მტკიცებაა, რომ ესა თუ ის რეალობა ნამდვილად ენდემურია, ქართულია.

 

როდოლფო მასლიასი – ევროპარლამენტის ტერმინოლოგიური მართვის განყოფილების ხელმძღვანელი

900 461 magda

ბატონო როდოლფო, ვიცი, რომ საქართველოში არასდროს გიმოგზაურიათ. ერთხელ საბერძნეთში, ტერმინოლოგიის კონფერენციაზე, ფინელმა ტერმინოლოგმა ხუმრობით მითხრა, ძალიან საშიში ქალის ქვეყნიდან ყოფილხართო. თქვენც ასევე ფიქრობთ მედეას ქვეყანაზე? რა იცით საქართველოს შესახებ?

საქართველო ის ქვეყანაა, რომელსაც დიდი ხანია, მინდა ვესტუმრო მისი ისტორიისა და სილამაზის გამო, როგორც ჩემმა ბერძნული წარმოშობის ქართველმა მეგობრებმა აღმიწერეს. რამდენიმე წლის წინ ბერძნული ენის დეპარტამენტის პროფესორებმა მიმიწვიეს ბერძნული ტერმინოლოგიის შესახებ ლექციის ჩასატარებლად.  შემეძლო ლექცია დისტანციურად ჩამეტარებინა, თუმცა  ვისარგებლე პროფესორებსა და სტუდენტებთან უშუალო ურთიერთობის შესაძლებლობით. მათ დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს ჩემზე  ინტერესებით, ცოდნითა და აკადემიური უნარებით. ასევე დამამახსოვრდა ისიც, რომ სადაც კი ვყოფილვარ, რუსეთსა თუ აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში, ხშირად მიწვევდნენ ქართული სამზარეულოს რესტორნებში. მოუთმენლად ველოდები თქვენს ქვეყანაში ჩამოსვლას, პირველ რიგში,  ტერმინოლოგიის კონფერენციასთან დაკავშირებით,  პატივი მაქვს, ვიყო მთავარი სიტყვით გამომსვლელი ოქტომბერში. დარწმუნებული ვარ საქართველოში ბევრი საშიში ქალია, მხოლოდ უფრო მაღალკვალიფიციურობისა და აქტიურობის თვალსაზრისით. არ ვიცი, შესაძლოა დამთხვევაა, მაგრამ შესანიშნავად შესრულებულ ტერმინოლოგიურ სამუშაოში ჩართული ყველა პროფესორი და დაინტერესებული პირი ქალია.

ხშირად ვკითხულობ ბლოგებს  თქვენს ვებგვერდზე IATE (IATE Term of the Week)  და ვეცნობი სხვადასხვა ქვეყნის  საინტერესო სიტყვებს. საინტერესოა ქვეყნის გაცნობა მისი ლექსიკით. ეს შესანიშნავი პროექტი სხვადასხვა ხალხის ერთმანეთთან დაახლოების საშუალებას იძლევა. რას გვეტყვით ამ ბაზის აგებულებისა და მისი მართვის შესახებ?

ჩვენ ძალიან ვამაყობთ IATE-თი, ევროკავშირის კანონმდებლობის მონაცემთა ბაზით. ევროკავშირის ინსტიტუტების მიერ გამოცემული იურიდიული აქტები, დირექტივები და რეგულაციები, რომლებსაც ხმა მისცა პარლამენტის 27 სახელმწიფოს წევრმა თავიანთ ენებზე, გახდა ნაციონალური კანონები, რომლებიც მთლიანი კანონმდებლობის 80%-ს შეადგენს. ეს ნიშნავს, რომ ყოველ წელს 2.5 მილიონი გვერდი, რომელიც ევროკავშირის მოსახლეობის ყოველდღიური ცხოვრების 110-ზე მეტ სფეროს ასახავს, უნდა თარგმნილიყო 24 ოფიციალურ ენაზე და ჰქონოდა ზუსტი შინაარსი. ეს შესაძლებელი იყო მხოლოდ საერთო ტერმინოლოგიის გამოყენებით, რომელსაც უზრუნველყოფს ცნებითი შესაბამისობა და ენობრივი ერთგვაროვნება. შესაბამისად, ევროკავშირმა თავიდანვე შექმნა ტერმინოლოგიის ბეჭდური სიტყვანი ოთხ ენაზე, შემდეგ კი 24-ამდე გაიზარდა, განსაკუთრებით 2004 წელს ევროკავშირის ზრდასთან ერთად, როდესაც 10 ახალი ენა დაემატა. 80-იანი წლების ბოლოს ჩვენ დავიწყეთ ციფრულ მონაცემთა ბაზების შედგენა თითოეულ ორგანიზაციაში,  Eurodicautom შეიქმნა ევროკომისიის, ხოლო Euterpe – ევროპარლამენტის მიერ. ამ საუკუნის დასაწყისში გავაერთიანეთ ისინი საერთო მონაცემთა ბაზაში Interactive Terminology for Europe – IATE. ეს არის ღია წვდომის ბაზა, ევროკავშირის 10 ინსტიტუტის 5000-იდან თითოეულ თარჯიმანს შეუძლია გადაიტანოს ტერმინები თავის ენაში. ასე შეიქმნა IATE  –  ყველაზე დიდი მრავალენოვანი ტერმინოლოგიის მონაცემთა ბაზა მსოფლიოში. ის შეიცავს 24 ენის 8 მილიონ-ნახევარ ტერმინს,  ხელმისაწვდომია უფასოდ ყველა თანამედროვე მოწყობილობიდან. ის მთელი მსოფლიოს თარჯიმნებისა და სინქრონისტებისგან მილიონობით შეკითხვას იღებს. მიხარია, რომ გამოწერილი გაქვთ ჩვენი ყოველკვირეული გამომცემლობის სერია „IATE-ს კვირის ტერმინი“ ჩვენს საგანგებო ვებგვერდზე https://termcoord.eu, რომელიც ევროკავშირის ინსტიტუტებმა ტერმინოლოგიისთვის შექმნეს.

ისტორიაში ჩანს, რომ  ტერმინოლოგიური მუშაობა დამოკიდებულია სახელმწიფოებრიობაზე. იმ ქვეყნებში, სადაც პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემებია, ტერმინოლოგიური მუშაობა არ არის გამართული. როგორ ფიქრობთ, ციფრულ ეპოქაში ყველა ქვეყანა შეძლებს ენის განვითარებას ამ პირობებში? ხომ არ დააგვიანა საქართველომ, რომელმაც ტერმინთბანკის შექმნა მხოლოდ  2014 წელს დაიწყო? საქართველოში ტერმინოლოგიური ლექსიკონების უმეტესობა ჯერაც არ არის გაციფრულებული და სტანდარტიზაციის საკითხებიც მოუწესრიგებელია.

მე, როგორც ენათმეცნიერი და  ამავდროულად, კულტურული ღონისძიებების აქტიური მონაწილე, უნივერსიტეტებში ხშირად ვამახვილებ ყურადღებას ამ საკითხზე. მჯერა, რომ ყოველი ენა კულტურაა თავისთავად და ხალხის კულტურა კი ისახება ენის განვითარებაში. შესაბამისად, მომწონს, როდესაც ზოგიერთი ქვეყანა ცდილობს გადაარჩინოს საკუთარი ენა შემავიწროვებელი ოკუპაციისგან, რომელიც ართმევს ხალხს ადგილობრივი ენით სარგებლობის უფლებას. ჩემს ქვეყანაში, საბერძნეთში, ბერძნული ისწავლებოდა მალულად ეკლესიის სარდაფებში 400-ზე მეტი წლის განმავლობაში, ოსმალეთის ოკუპაციისას, ამ გზით შეეძლოთ გადაერჩინა უძველესი და მდიდარი ენა. ძალიან მნიშვნელოვანია ენის დაცვისა და ტერმინოლოგიის მხარდაჭერის ყველა მცდელობა იმ ქვეყნებში, რომლებიც ახლახან განთავისუფლდნენ საბჭოთა ოკუპაციისგან. ჩემს ლექციებში ხშირად მომიყვანია მაგალითად „ლიეტუვის ენის კომიტეტი“, რომელიც ავითარებს ტერმინოლოგიას ევროკავშირის კოლეგების თარჯიმნებთან თანამშრომლობით. ამიერიდან, მაგალითად მოვიყვან თქვენს შთამბეჭდავ საქმიანობას საქართველოს ტერმინოლოგიაზე როგორც აკადემიურ, ისე სახელმწიფო დონეზე. არასდროს არ არის გვიანი, ვიმუშაოთ და ვითანამშრომლოთ ჩვენი ენის გაუმჯობესებისათვის, ენისთვის, რომელიც ჩვენი ფიქრისა და მეტყველების საშუალებაა.

როგორც ვხედავთ, დღეს ორი გზა არსებობს საკუთარი ენისა და ტერმინოლოგიის საერთაშორისო ბაზებში ასასახავად: ერთი გზაა,  გქონდეს საკუთარი ეროვნული სტანდარტიზებული ტერმინოლოგიური ბაზა, რომელსაც გადაიტან საერთო ევროპულ ტერმინოლოგიურ ბაზაში, ხოლო მეორე გზა  ენთუზიაზმსა და მონდომებაზეა დამოკიდებული. როცა არ არსებობს ნორმატიული ტერმინოლოგიური ბაზები, ინგლისური ტერმინების შესატყვისებს სურვილისამებრ ქმნიან. სწორედ ამ პრობლემებს ეხება ახალგაზრდა მკვლევრის –  ნინო სხირტლაძის  – სტატია („ტრადოსი – ტერმინოლოგიის ელექტრონული ბაზა“, კრებული ტერმინოლოგიის საკითხები, 2018 ,http://termbank.ge/wp-content/uploads/2018/11/krebuli_III.pdf 

ეს მართლაც ძალიან საინტერესო სტატიაა, თუ როგორ უნდა გადაიტანო ტერმინოლოგიის ლექსიკონები ტერმინოლოგიის მონაცემთა ბაზებში. ლოგიკურია, რომ თქვენს უნივერსიტეტებსა და ინსტიტუტებში ქართული ენისთვის ახალი ტერმინოლოგიის შექმნისათვის გაწეული  რამდენიმეწლიანი შრომის განმავლობაში წააწყდებით გარკვეულ პრობლემებს ხარისხსა და ერთგვაროვნებასთან დაკავშირებით. ამ სირთულის მოსაგვარებლად (რომელიც, სხვათა შორის, ყველა ენაში გვხვდება, სადაც მუშაობენ ტერმინოლოგიაზე) თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ კარგად განვითარებული პროგრამები ტერმინების ავტომატური ამოღებისათვის, ხარისხის კონტროლისათვის  კი – სხვადასხვა საკითხის ექსპერტებთან კონსულტაცია, რასაც, დარწმუნებული ვარ უკვე აკეთებთ. რაც შეეხება IATE-ს, ჩვენ თავს ვარიდებთ ტერმინთა დიდი რაოდენობით  შემოტანას, რათა კითხვის ქვეშ არ დავაყენოთ ხარისხი. ნებისმიერ შემთხვევაში,  ტერმინის ბაზაში ჩასმას წინ უძღვის ევროპარლამენტის  ენის ტერმინოლოგის მიერ დამტკიცება. ჩვენ მართლაც ვთანამშრომლობთ ეროვნულ დაწესებულებებთან, რომლებიც ირჩევენ განმარტებით ტერმინოლოგიას ნორმატიულის  ნაცვლად, მაგრამ მათი ტერმინების ბაზაში ჩასმაც იმავე დამტკიცების გზას  გადის. დამტკიცება ასევე აუცილებელია აკადემიური პროექტებისთვის შექმნილი კოლექციებისთვისაც, როგორიც არის თქვენს უნივერსიტეტში წელს დაწყებული თანამშრომლობა ევროპული პარლამენტის ფარგლებში „ტერმინოლოგია საზღვრების გარეშე“ (https://yourterm.eu).

ქართულ ტერმინოლოგიას ყველა საუკუნეში ჰქონდა სირთულეები. 21-ე საუკუნეში ციფრულმა სამყარომ მას სხვა ამოცანები დაუსახა. იმედია, ამ სირთულეებსაც გადავლახავთ და, მართალია, გვიან, მაგრამ მაინც შევქმნით ტერმინთბანკს, რომლითაც მსოფლიო გაიცნობს უძველეს და მნიშვნელოვან ენას. გმადლობთ თქვენ მხარდაჭერისა და თანამშრომლობისათვის. იმედია, საქართველო და ტერმინოლოგიის კონფერენცია კარგ შთაბეჭდილებას დატოვებს თქვენზე და ჩვენ დავგეგმავთ მომავალ თანამშრომლობასაც.

ჩვენმა პროექტმა „ტერმინოლოგია საზღვრების გარეშე“ ყველა ენისათვის (რომელთაგან ზოგი, ქართულის მსგავსად, ევროკავშირის მომავალი ოფიციალური ენა გახდება) მომცა საშუალება, კარგად შემესწავლა სხვა ენებისა და სახელმწიფოების ტერმინოლოგიური მუშაობა, მაგალითად, მონღოლეთი, სადაც ახლახანს ვმონაწილეობდი ძალიან მნიშვნელოვან კონფერენციაში. ძალიან შთამბეჭდავია ქართული ტერმინოლოგიის ისტორიის მოსმენა, რომელიც მე-10 საუკუნიდან იწყება და ასევე იმის აღმოჩენა, რომ პირდაპირი კავშირი აქვს ბერძნულთან, როგორც  ეფრემ მცირე წერს, „მან აირჩია ბერძნების საკუთარი შვილი“ და შექმნა უმნიშვნელოვანესი ქართული გრამატიკული ტერმინოლოგია, რომელიც უშუალოდაა გადმოღებული ბერძნულიდან, ნაცვლად ევროპული პრაქტიკისა, რომელიც ლათინურს ეფუძნება. შემდგომ გაგრძელდა საბჭოთა პერიოდში, მოგვიანებით, წინა საუკუნეში  – მაღალი ხარისხის სამენოვანი ლექსიკონების შექმნით ენათმეცნიერების ინსტიტუტში და მივიდა ქართული ტერმინოლოგიის ასოციაციის შექმნამდე 2017 წელს, რომელიც ასევე გახდა ევროპული  ტერმინოლოგიური ასოციაციის წევრი. შთამბეჭდავია ტერმინოლოგიური მუშაობის ხარისხი, რომელიც გამოჩნდა ჩვენი თანამშრომლობის დასაწყისშივე. მოხარული ვართ, რომ ქართული ლექსიკონებით გავამდიდრებთ რესურსებს, რომლებიც ხელმისაწვდომია ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერდებზე. არ იფიქროთ, რომ მხოლოდ საქართველო ცდილობს ნორმატიული ტერმინოლოგიის შექმნას, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალი ავტომატური თარგმანისათვის. ეს ყველას, ვინც ვმუშაობთ ტერმინოლოგიაზე, ერთობლივი საზრუნავია, ურთიერთთანამშრომლობა დაგვეხმარება  ჩვენი გამოცდილების გაუმჯობესებაში და ხელს შეუწყობს ქართული ენის შესვლას ევროპული ენების ოჯახში, როდესაც საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი.

 

ლია ქაროსანიძე
თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინტიტუტის თარგმნითი ლექსიკონებისა და სამეცნიერო ტერმინოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი;
საქართველოს ვუკოლ ბერიძის სახელობის ტერმინოლოგიის საზოგადოების თავმჯდომარე.

ტერმინოლოგიური მართვის პოლიტიკის სახელმძღვანელო

706 389 magda

პარიზი, 2005
ქრისტიან გალინკის წინასიტყვაობა ქართული თარგმანისთვის read more

ქართული ლექსიკონების უცნობი ავტორები (ეძღვნება ინგა ჯიბუტის ხსოვნას)

645 395 magda

დღეს, ხვალ, ზეგ… შეხვედრებია მეტალურგებთან, ქიმიკოსებთან, მათემატიკოსებთან, ავიატორებთან, პროგრამისტებთან… read more