ლია ქაროსანიძე, თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის თარგმნითი ლექსიკონებისა და სამეცნიერო ტერმინოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი: ენათმეცნიერების მესამე საერთაშორისო კონფერენციაზე „ტერმინოლოგია – მემკვიდრეობა და თანამედროვეობა“ (თბილისი, 29-30 ოქტომბერი, 2022 წელი) გვინდა გამოვკვეთოთ ქართული სიტყვა და მასში წარმოჩენილი კულტურა. გასტრონომია ის სფეროა, რომელშიც ბევრი ეროვნული ცნებაა და, ცხადია, მათი აღმნიშვნელი ქართული სიტყვებიც თანდათან მკვიდრდება ინგლისურსა თუ სხვა ენებში. ქართული გასტრონომიული კულტურის მსოფლიოსთვის გაცნობას თან ახლავს ქართული სიტყვების გამოჩენაც საერთაშორისო ენობრივ სამყაროში, რაც ქართველ ენათმეცნიერებსაც უჩენს გარკვეულ საფიქრალსა და საკვლევს. თითოეული ქართული სიტყვის დაცვა და მასში ასახული კულტურის წარმოჩენა უდიდეს მნიშვნელობას იძენს ციფრულ ეპოქაში, რომელმაც მეტად დააახლოვა და ერთმანეთის წარსულსა თუ აწმყოში დაკვირვებითა და ინტერესით ჩაახედა ერები. მზად ვართ, ჩვენი კულტურითა და ენით დაინტერესებულ მსოფლიოს სრულფასოვნად გავაცნოთ საქართველო და ქართული ენა? – ამ კითხვით მივმართეთ გასტრონომიის მკვლევრებსა და ენათმეცნიერებს:
ესმა კუნჭულია, ლინგვისტი, „გასტრონომიული მუზეუმის დამფუძნებელი“, ტელეწამყვანი: „არის კი სიტყვა მხოლოდ სიტყვა და რატომ არის სიტყვა – სიტყვაზე მეტი? ეს შეკითხვა არ ეხებათ ლინგვისტებს, ლიტერატორებს, ფილოლოგებს, ლექსიკოგრაფებს, პოეტებს, დრამატურგებს, სემიოტიკოსებს, ჟურნალისტებს… მათ ვინც, იციან, რომ სიტყვა სიტყვაზე ბევრად მეტია. სიტყვა – კოდია და კაცობრიობის ენის ამოდგმიდან სიტყვა ატარებდა და ატარებს ინფორმაციას, ამბავს, მსოფლმხედველობას, საიდუმლოს – საუკუნიდან საუკუნეში… და სიტყვას ისევე შეუძლია მოქმედება, როგორც სამშობლო-მიწის ცნებას, როგორც კანონს, როგორც „სამართლებრივ დოკუმენტს“, როგორც წამალს და როგორც საწამლავს. სიტყვა შეთანხმებაა, სიტყვა სამყაროს სურათია, სამყაროს აღქმაა, ემოციაა და ყოველ სიტყვას ისევე უნდა გავუფრთხილდეთ, როგორც საგანძურს. მითუმეტეს ისეთი მცირე ერების ენების მარაგს, როგორიც საქართველოა და სადაც ქართველურ – სვანურ, მეგრულ-ლაზურ და ქართულ – ენებში „იმარხება“ წინარე ქართველთა საიდუმლო. „გასტრონომიული მუზეუმის“ სახელით დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ ლია ქაროსანიძეს და მესამე საერთაშორისო კონფერენციას „ტერმინოლოგია – მემკვიდრეობა და თანამედროვეობა“, რომელიც თბილისში ტარდება. თითოეული ქართული სიტყვის დაცვით ჩვენ შევძლებთ, ქართველ ერსა და მსოფლიოს შევუნარჩუნოთ ერთ-ერთი უძველესი ენის ნიშანთა სისტემა“.
ანა მიქაძე -ჩიკვაიძე, ქართული ყველის ისტორიის მკვლევარი, ყველის მწარმოებლთა გილდიის თავმჯდომარე: ქართული რძის პროდუქტების კვლევა მწირად არის წარმოდგენილი, ზოგადად, სამურნეო კულტურის მკვლევართა ნაშრომებში. ცხადია, ტერმინების დაზუსტება ძალიან წაადგება როგორც სამეცნიერო საზოგადოებას, ისე ამ თემით დაინტერესებულ სხვადასხვა ჯგუფს, მათ შორის, პრაქტიკოს მეყველეებსა და ტექნოლოგებს. დღეს არავინ იცის, რატომ არის კრებსითი იმერული ასე უსამართლოდ გავრცელებული მთელ საქართველოში, როცა არსებობდა კაზლა , თავი ყველი, სუფრის ყველი და ზოგადად რძის პროდუქტებს მეგრულად ჰამოს ან თეთრეულს რომ ეძახდნენ, სად გაქრა ეს სახელწოდებები. რატომ დამკვიდრდა სიტყვა ტენილი ამ უნიკალური ყველის სახელად და, მაგალითად, რას ნიშნავს სახელდება წყალდასხმულა ან ჩეოგუასა და სენეს რა დანიშნულება ჰქონდა და როგორ გამოიყენებდნენ აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში.
დალი ცატავა – გასტრონომიის მკვლევარი: ქართული გასტრონომიული კულტურა არის ძირძველი, რასაც ანტიკური წყაროები და საქართველოს როგორც ღვინის სამშობლოდ აღიარებაც ადასტურებენ. ასევე მსოფლიოში არსებული 17 უმთავრესი ხორბლის ჯიშიდან ხუთი ენდემური ქართულია… ამიტომაც გვქონდა საკუთარი ტერმინოლოგია როგორც კულინარიაში, კვების კულტურაში, ასევე ღვინის ტერმინები რომელთა აღდგენასაც ვცდილობთ. გვინდა, გავაცოცხლოთ და გავაცნოთ მთელ სამყაროს.
ჩვენი გასტრონომიული კულტურა გვაძლევს იმის ფუფუნებას, რომ შევკრიბოთ და გავაციფრულოთ, მსოფლიოსთვის ხელმისაწვდომი და პოპულარული გავხადოთ ქართული სამზარეულო და კვების ხელოვნება, რადგან ასეთ პატარა გეოგრაფიულ არეალში, როგორიც საქართველოა, ყველა რეგიონში თავისებური კერძებია, ყველეული და სასმელი, რომელთაც ძალიან საინტერესო სახელები აქვთ, თითქოსდა ტექნოლოგიურ პროცესს და რიტუალს ერთბაშად აღწერს ერთ სახელწოდებაში და აქსოვს ქართულ სტუმართმოყვარეობას.
სალომე ომიაძე – ენათმეცნიერი, თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ზოგადი ენათმეცნიერების განყოფილების ხელმძღვანელი: ჩვენს დროში ძალიან გავრცელებულია კულტურის განსაზღვრება მეხსიერების მეშვეობით. ბუნებრივი ენაც, ისევე როგორც კულტურა, ერის კოლექტიური და ცოცხალი მეხსიერებაა. ამ საერთო მეხსიერების გარეშე, წარმოუდგენელია საერთო კულტურისა და საერთო ენის არსებობა, აქედან გამომდინარე – ცალკეული ერის არსებობაც. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ენის მეხსიერება ყველა მეხსიერებაზე უფრო ტევადია. ამდენად, ენის კვლევას, გარდა სახელდობრ ლინგვისტიკურისა, ფართო კულტუროლოგიური ინტერესი და მნიშვნელობა აქვს. სამყაროს ქართულენოვანი სურათის სრულყოფილი აღწერისათვის ყველა კულტურული კოდის (სომატური, სივრცული, დროითი, საგნობრივი, ბიომორფული …) შესწავლა აუცილებელია, თუმცა ეროვნული კულტურის თავისებურების გამოსავლენად განსაკუთრებული მნიშვნელობა კვების სფეროს ენიჭება, რომელშიც ისეთი უძველესი კულტურული კოდი რეალიზდება, როგორიც გასტრონომიული (კულინარიული / გლუტონიური) კოდია. გლუტონიური დისკურსი კომუნიკაციური პრაქტიკის ის სახეა, რომელშიც ინტენსიური და თვალსაჩინოა კულტურისა და ენის ურთიერთქმედება. კულტურული ინფორმაცია შენახულია გლუტონიმთა მნიშვნელობის როგორც დენოტაციურ, ასევე კონოტაციურ ასპექტში. ზოგჯერ კერძი მივიწყებულია, მაგრამ, ხატოვნად რომ ვთქვათ, დავიწყებისთვის არ არის განწირული იმდენად, რამდენადაც მისი სახელი, მნიშვნელობის გადატანის საფუძველზე, თანამედროვე ენის მატარებელთა მეტყველებაში აგრძელებს ცხოვრებას. ასეთია, მაგალითად, დომხალი. დუღილით შესქელებული, გაწურული და მწვანილით შენელებული დო აღარ არის აქტუალური ქართველთა კვებაში, მაგრამ დღესაც ხშირად გაიგონებთ ერთმანეთში არეულ-დარეული რამის, უთავბოლო ნაწერის ან ნათქვამის შეფასებისას, დომხალიაო. ზოგიერთი ლექსემა, თანამედროვე ტერმინოლოგია რომ გამოვიყენოთ, კულინარიული რეცეპტის რედუცირებული ფორმაა, ასეთია, მაგალითად, იგივე დომხალი, ერბოკვერცხი, ერბოჭიმური, ჩახოხბილი, ნიორწყალი, მხლოვანი, ხაჭაპური. აქვე უნდა დავიმოწმოთ კერძის მომზადების სხვადასხვა ხერხის სახელდებით მიღებული სახელწოდებები, ვნებითი გვარის ნამყო დროის მიმღეობები: ჩაქაფული, ჩაშუშული, ნადუღი და სხვ. როცა სრულად აღვწერთ და შევისწავლით კვებასთან დაკავშირებულ ლექსიკას, მაშინ ქართული გასტროკულტურის ნამდვილი მატიანე გვექნება, რადგან ენაა ყველაზე დიდი და მკვიდრი საცავი იმ ცნობებისა თუ მოვლენებისა, რომლებსაც საუკუნეები გვაშორებს და რომლებთან მიახლოებაც ისევ მშობლიური ენის ძალით არის შესაძლებელი.
მერაბ ჩუხუა, ენათმეცნიერი, თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ლექსიკოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი: საერთაშორისო კონფერენცია „ტერმინოლოგია – მემკვიდრეობა და თანამედროვეობა“ (თბილისი, 29-30 ოქტომბერი, 2022 წელი) აგრძელებს მეტად ღირებულ ტრადიციას, რაც საქართველოში ორასზე მეტი წელია მკვიდრდება და ჩვენი სახელმწიფოს მხრიდან იმსახურებს ჯეროვან ყურადღებას, თვით გრძელვადიანი სამოქმედო სპეციალური ტერმინოლოგიური პოლიტიკის შემუშავების აუცილებლობით. საზოგადოდ, ღრმად ვარ დარწმუნებული ქართული სიტყვა და მასში წარმოჩენილი რეალობა ადეკვატურად ასახავს ქართველთა ცივილიზაციურ საწყისებს და კულტურას. სახელდობრ, გასტრონომია ის სფეროა, რომელიც სპეციალურ და ამასთან კომპლექსურ კვლევას საჭიროებს. მნიშვნელოვანია ყველა მიმართულებით საერთოქართველური ლინგვოკულტურული მემკვიდრეობის რეკონსტრუქცია და შემდგომ აღდგენილი ენობრივი მდგომარეობის ისტორიული, ეთნოლოგიურ-ეთნოგრაფიული და არქეოლოგიური კულტურების არტეფაქტებთან შეთანადება; იმის გარკვევა, თუ რა გვაქვს ენობრივ დონეზე და რა გვაკლია ყოფაში, ასევე, პირიქით. ამგვარი სამეცნიერო ამოცანის გადაჭრა მხოლოდ კვალიფიციური და კომპლექსური კვლევებით არის შესაძლებელი. თითოეული ქართული სიტყვა/ტერმინი ნაწილია ჩვენი უნიკალური კულტურული მემკვიდრეობისა, ნივთისა და მისი ქართველური სახელის პოვნიერება კი იმის პირდაპირი მტკიცებაა, რომ ესა თუ ის რეალობა ნამდვილად ენდემურია, ქართულია.