ქართული ლექსიკონების უცნობი ავტორები (ეძღვნება ინგა ჯიბუტის ხსოვნას)

645 395 magda

დღეს, ხვალ, ზეგ… შეხვედრებია მეტალურგებთან, ქიმიკოსებთან, მათემატიკოსებთან, ავიატორებთან, პროგრამისტებთან… თითო შეხვედრა 5 საათს, ზოგჯერ მეტ ხანსაც, გრძელდება, აკლებ დროს შვილებს, ახლობლებს…. მთელ შენს გონებრივ შესაძლებლობას ამ საქმეს უთმობ, არა გაქვს დრო სტატიისთვის, მონოგრაფიისთვის, მოხსენებისთვის… შენს შექმნილ ლექსიკონს სხვებთან ერთად აწერია შენი გვარი (ხშირად სახელიც არა სრულად), თუმცა  მაინც ბედნიერი ხარ, რადგან უბრალოდ გიყვარს, შვილივით გიყვარს ეს საქმე,  გააზრებული გაქვს საკუთარი პასუხისმგებლობა მომავალი თაობების წინაშე.

ტერმინოლოგიური მუშაობის სირთულე შესანიშნავად გადმოსცა ვახტანგ ბერიძემ თავის მოგონებაში მამის −  ვუკოლ ბერიძის  − შესახებ: „მძიმე სამუშაო იყო ტერმინოლოგიურ ლექსიკონებზე მუშაობა, მძიმე და გამოუჩენელი. ამ საქმისათვის ამდენი დრო და ძალა რომ არ მიეძღვნა მამას, რა თქმა უნდა, ბევრად მეტი შეეძლო გაეკეთებინა „თავისთვის“, ე. ი. მეტი „საკუთარი“ გამოკვლევა დაეწერა და დაებეჭდა. უთქვამს ხოლმე, ლექსიკონზე მუშაობას ქვის კოდვა სჯობსო, მაგრამ მას უყვარდა ეს საქმე იმიტომ, რომ ესმოდა მისი ეროვნული მნიშვნელობა და იმიტომ, რომ თავდავიწყებით უყვარდა ქართული ენა. ჰქონდა ენის საკვირველი ალღო, რაც, რა თქმა უნდა, დიდად შველოდა ტერმინოლოგიურ მუშაობაში“.

ყველა ის თვისება, რომლებსაც ვახტანგ ბერიძე მოგონებაში ჩამოთვლის, მნიშვნელოვანი და აუცილებელია ტერმინოლოგისთვის: გესმოდეს ტერმინოლოგიის ეროვნული მნიშვნელობა; გიყვარდეს საკუთარი ენა; გქონდეს ენის ალღო. გარდა იმისა, რომ ინგა ჯიბუტს ყველა ეს თვისება  ჰქონდა, განსაკუთრებით დასაფასებელია მისი ღვაწლი 90-იან წლებში, დიდი გარდატეხებისა და ცვლილებების ხანაში; რომ არა ქალბატონი ინგასა და მთელი განყოფილების თავდადება, საქმისადმი ერთგულება, შეუძლებელი იქნებოდა ქართული ტერმინოლოგიური სკოლის ტრადიციების გაგრძელება.

ივანე ჯავახიშვილის თსუ არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო ტერმინოლოგიისა და თარგმნითი ლექსიკონების განყოფილების მეცნიერი თანამშრომელი, ენათმეცნიერი, გამორჩეული ტერმინოლოგი, ლექსიკოლოგი, თარგმნითი და ტერმინოლოგიური ლექსიკონების ავტორი, თანაავტორი და შემდგენელი, „საქართველოს ვუკოლ ბერიძის სახელობის  ტერმინოლოგიური საზოგადოების“ ერთ-ერთი დამაარსებელი, თბილისის საპატიო მოქალაქე. ქალბატონი ინგა ჯიბუტი წლობით მონაწილეობდა ოთხ ათეულზე მეტი თარგმნითი და სხვადასხვა დარგობრივი ტერმინოლოგიური ლექსიკონის, მათ შორის, დღემდე სამაგიდო ლექსიკონად ქცეული „ტექნიკური ტერმინოლოგიის“ (1977 წ.) შექმნაში.

2018 წელს პირველი საერთაშორისო კონფერენციის პლენარული სხდომა ინგა ჯიბუტის 80 წლის იუბილეს მიეძღვნა. „არ იფიქროთ, რომ მუშაობისას ქალბატონი ინგა რამეს მითმობდა, – გაიხსენა მილოცვისას მეტალურგიის ტერმინოლოგიის ავტორმა ომარ შურაძემ  – ის ყოველთვის თავის სასარგებლოდ წყვეტდა საკითხს“.  „თქვენზე ამბობენ, ჯიუტიაო,   – მიმართა ქალბატონ ინგას ევროპის ტერმინოლოგიის ასოციაციის პრეზიდენტმა ჰენრიკ ნილსონმა, – ეს კარგია! სიჯიუტე მნიშვნელოვანი თვისებაა ტერმინოლოგისთვის“. სწორედ ამ “სიჯიუტეს”, ანუ უტყუარ სამეცნიერო მსჯელობებს, ეყრდნობოდა  ქართული დარგობრივი ტერმინოლოგია და ასე  უწყვეტად გრძელდებოდა ქართული ტერმინოლოგიური სკოლის მუშაობა.

კამათი, ზოგჯერ საათობითაც, ტერმინოლოგიური მუშაობის მთავარი ნაწილია. უდიდესი ცოდნაა საჭირო, რომ  „მარჯვე ტერმინს“ მიაგნო და  „აღმოჩენის სიხარული“ გაიზიარო. დასანანია, რომ ქალბატონი ინგას შერჩეულ-შექმნილი ტერმინები არავის აღუნუსხავს, დრო იყო ასეთი, სიცივე, შიმშილი და ალბათ სიგიჟეც –  ქართულ ტერმინებზე ფიქრი, მაგრამ ყველამ კარგად ვიცით, რომ სწორედ ის არის ღირსება,  გადასარჩენს რომ გადაარჩენ, მისახედს რომ მიხედავ. 90-იანი წლების მუშაობა კარგად ჩანს ომარ შურაძის მოგონებაში: „ქალბატონი ინგა ერთი მათგანი იყო, ვინც ქალბატონმა როგნედა ღამბაშიძემ გამაცნო, ეროვნული კულტურული და სულიერი მემკვიდრეობის შექმნა-შენარჩუნებისთვის დაუღალავად მოღვაწე ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო ტერმინოლოგიის განყოფილებიდან. ცოტა ხნის შემდეგ  მას „გადამაბარა“. დრომ დაადასტურა, რომ ქალბატონმა როგნედამ სწორად გათვალა – ქალბატონი ინგას მშვიდი ბუნება აწონასწორებდა ჩემს ფეთქებად ხასიათს. სასიამოვნო იყო მის კამპანიაში ყოფნა.  ადამიანებთან ყოველთვის კეთილგანწყობილი  და მშვიდი იყო. მის ირგვლივ მხოლოდ სიკეთე, გულწრფელობა, სინათლე და სითბო სუფევდა. მასთან თანამშრომლობისას კომფორტულად გრძნობდი თავს, გიმარტივებდა საქმიანობას… რითაც  განუზომელ მორიდებასა და პატივისცემას იმსახურებდა. თუ რომელიმე საკითხზე ხანგრძლივი კამათის მიუხედავად ვერ ვთანხმდებოდით, მომღიმარი სახითა და მშვიდი ხმით იტყოდა: „ომარ, ახლა გადავდოთ ეს საკითხი და სხვა დროს მივუბრუნდეთო“. ჩემს მეხსიერებაში დარჩა და საგულდაგულოდ ვინახავ მისი მშვიდი ხმით გამონათქვამს – „შემდეგ მივუბრუნდეთ კიდევ ერთხელ“…  მასთან არ ჭრიდა არავითარი  ხრიკი. საკამათო ტერმინი უნდა გადაგვემოწმებინა. მე, დარწმუნებული ჩემს სიმართლეში, ვბრაზობდი (ზოგჯერ ვბუზღუნებდი კიდეც), რატომ არ „მენდობოდა“… „სხვა დროს“ გაძლიერებული მტკიცებულებებით შეიარაღებული ველოდი. ისიც, თავის მხრივ, იყენებდა ამ „სხვა დროს“ და მოიძიებდა მასალებს საკამათო ტერმინის თუ მისი განმარტების შესახებ. ამ  “სხვა დროში” იკვეთებოდა „ჭეშმარიტება“ და დიდწილად წყვეტდა ტერმინზე თითოეული ჩვენგანის შეხედულების სამართლიანობას… ასეთი პრინციპებით მუშაობდა და შეუმჩნევლად თანდათან შენშიც ნერგავდა თავის ხედვას – ყოველი მხრიდან შეგეხედა ტერმინისთვის.  ჩვენს თანამშრომლობაში ჩვენი ოჯახებიც ხელს გვიწყობდნენ. გავიხსენებ მის ოჯახთან „თანამშრომლობის“ ერთი-ერთ ეპიზოდს: 1993 წლის დიდთოვლიანი და სუსხიანი იანვარია. წიგნის გამოსაცემად დათქმული დრო საშიშროების წინაშე დადგა. გადაწყდა გვემუშავა ქალბატონი ინგას ბინაში. ქალაქში არ მუშაობდა არც მიწისზედა და არც მიწისქვეშა ტრანსპორტი, ნუცუბიძიდან გმირთა მოედნამდე მანძილი დილა-საღამოს ფეხით უნდა გამევლო.  სამუშაოდ გამოგვიყვეს ყველაზე მოსახერხებელი ოთახი. სასურსათო და გათბობის საკითხებს ქალბატონი ინგას დედა – ქალბატონი ეთერი  – უზრუნველყოფდა. ამასთან, მან  ბატონი სოსოს (მეუღლე სოსო ლაღიძე) „მავნე“ ზემოქმედებისგან ჩემი დაცვაც შეითავსა. საკმარისი იყო ბატონ სოსოს სამუშაო ოთახის კარი შემოეღო, თვალი ჩაეკრა და ეთქვა „ომარ, შეისვენეთ, ცოტა ვისაუბროთო“ (რასაკვირველია, ჭიქების წკარუნთან ერთად)… იქვე გაჩნდებოდა ქალბატონი ეთერი და ბატონ სოსოს თბილად მიმართავდა. სოსო, შვილო, ხომ იცი, როგორ ჩქარობენ და, მოდი, ხელს ნუ შევუშლითო. ასე აღიკვეთებოდა ბატონი სოსოს ყოველდღიური „ინტერვენციის“ მცდელობა – დაგვერღვია „მშრალი კანონი“ – სამუშაოს დასრულების საზეიმოდ აღნიშვნამდე…“

ქალბატონი ინგა ჯიბუტი იმ მეცნიერთაგანია, რომელთა „გამოუჩენელი“ შრომა ქვეყნის განვითარებასა და წინსვლას უწყობს ხელს. 1977 წლის ტექნიკური ტერმინოლოგიის ლექსიკონის სარედაქციო ჯგუფს გიორგი ნიკოლაძის პრემია მიენიჭა, მათ შორის, 1963 წელს გარდაცვლილ ვუკოლ ბერიძესაც. ეს მისი სამუშაოს გაგრძელება იყოო, – წერს ამის შესახებ როგნედა ღამბაშიძე. ეს ასეც უნდა დარჩეს.  დღეს,  ციფრულ ეპოქაში,   მეტი საშუალებაა იმისათვის, რომ ქართული ლექსიკონების უცნობი ავტორები   უკეთ გავაცნოთ საზოგადოებას. ინგა ჯიბუტი, ვუკოლ ბერიძესთან და როგნედა ღამბაშიძესთან ერთად, მომავალში შექმნილი ქართული აკადემიური ტერმინოლოგიური ლექსიკონების თანაავტორად ყოველთვის დარჩება, რადგან  სწორედ “ენის უწყეტობა, ძველისა და ახლის მემკვიდრეობა იძლევა მეცნიერული ტერმინოლოგიის ჩამოყალიბების საშუალებას” (ივანე ჯავახიშვილი).

ნინო დათეშიძე, მარინე ოსაძე, ნათელა მუზაშვილი, ლია ქაროსანიძე