პარიზი, 2005
ქრისტიან გალინკის წინასიტყვაობა ქართული თარგმანისთვის
2003 წელს იუნესკომ ინფოტერმს მიანდო ტერმინოლოგიის პოლიტიკის სახელმძღვანელოს შემუშავება რამდენიმე მიზეზის გამო. ემპირიული მტკიცებულებები სულ უფრო და უფრო ცხადყოფდა, რომ გამართული ეროვნული ტერმინოლოგია დადებითად იმოქმედებდა როგორც შესაბამისი ენის, ასევე მთელი საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე, ზოგადად, არასრულფასოვანი ტერმინოლოგია იწვევს არამხოლოდ შესაბამისი დარგობრივი ენის დაბალ დონეს, არამედ ზღუდავს სამუშაო შესაძლებლობებს შესაბამის სფეროსა და დარგში. ცალკეულ სამეცნიერო-ტექნიკურ დარგში ან საგნებში ტერმინოლოგიის მუდმივი გამდიდრებისა და განახლების უყურადღებოდ მიტოვებამ შეიძლება გამოიწვიოს „დარგის დაკარგვა“ შესაბამის სფეროში. მეორე მხრივ, საკუთარი ენობრივი საზოგადოების ენაზე ტერმინოლოგიის შემუშავებისთვის დაუზოგავი ძალისხმევა განაპირობებს „დარგის წარმატებას“ სოციალურ-ეკონომიკური სარგებლით, მაგალითად, შესაძლებელია სწავლა, კვლევა ან სწავლება შესაბამის დარგში და მოგვიანებით დასაქმება თავის სასიცოცხლო გარემოში.
ამ საკითხებზე მსჯელობამ 1990-იან წლებში მიგვიყვანა იმის აღიარებამდე, რომ მშობლიური ენის კულტურულ, სამეცნიერო და კომერციულ სფეროებში გამოყენების შესაძლებლობა აშკარად მოსალოდნელია, იქცეს სოციალურ-ეკონომიკურ სარგებლადაც ადამიანთა ენობრივი საზოგადოებისთვის; თუმცა ამ დროისათვის მრავალი კითხვა ჯერ კიდევ უპასუხოდ რჩებოდა, რადგან ცხადად ჩანდა, რომ საკითხი მრავალმხრივი და წახნაგოვანი იყო.
კითხვებზე უტყუარი პასუხების პოვნა – თუნდაც 2000-იანი წლების დასაწყისში საკითხის მკაფიოდ განხილვა – გამოწვევა აღმოჩნდა. ნებისმიერ შემთხვევაში ცხადი იყო, რომ სახელმძღვანელოს შესამუშავებლად უნდა მოეწვიათ ექსპერტები, რომლებსაც ექნებოდათ სხვადასხვა სამეცნიერო და პრაქტიკული გამოცდილება. საბოლოოდ, თხუთმეტი ექსპერტი მუდმივად იღებდა მონაწილეობას, ხოლო ათობით დამატებითი ექსპერტი ჩაერთო ცალკეული საკითხის განხილვაში მიმოწერით. სახელმძღვანელოს მომზადებისას შეაფასეს და განიხილეს „ენის დაგეგმვის“ სფეროსთან დაკავშირებული მრავალი ნაშრომი.
იუნესკოს რეკომენდაციის მომზადებასთან ერთად მრავალენოვნების ხელშეწყობის, გამოყენებისა და კიბერსივრცეში საყოველთაო წვდომის შესახებ მსჯელობამ (2003, UNESCO 32C/რეზოლუცია 41) მრავალი რამ გვასწავლა. ამასთანავე, საინფორმაციო ეროვნული სახელმძღვანელოდ იუნესკოს გამოცემა – ეროვნული საინფორმაციო პოლიტიკის ჩამოყალიბების, დამტკიცების, განხორციელებისა და ფუნქციონირების სახელმძღვანელო (1990 წ.) – გამორჩეულად ღირებული აღმოჩნდა, რადგან იგი შემუშავებული იყო მეტ-ნაკლებად მსგავსი მიზნების გათვალისწინებით სხვადასხვა საგნობრივ სფეროში.
ამგვარად, სახელმძღვანელო გახდა პირველი მცდელობის შედეგი და მოიტანა როგორც დაგეგმილი, ასევე მოულოდნელი შედეგები ტერმინოლოგიის, სოციოლინგვისტიკის, სოციოტერმინოლოგიისა და სტანდარტიზაციის სფეროში:
(1) ტერმინოლოგიის მეცნიერების თვალსაწიერის გაფართოება და მისი გამოყენება;
(2) ტერმინოლოგიის დაგეგმვისა და ენობრივი დაგეგმვის სფეროებში მოსამზადებელი სამუშაოები;
(3) ახალი მოსაზრებები და განვითარება სტანდარტიზაციის მიმართულებით;
გარდა ამისა, სახელმძღვანელომ ხელახლა შეაფასა ან დაადასტურა მანამდელი მსჯელობა-განხილვის ზოგიერთი შედეგი და დაამატა უკვე არსებული, მაგრამ ახლებურად წარმოჩენილი ან სრულიად ახალი გეგმები.
(1) ტერმინოლოგიის მეცნიერების სხვადასხვა სფეროში (და მისი მრავალმხრივი გამოყენების თვალსაზრისით), სახელმძღვანელომ გააფართოვა მომავლის გეგმები ტერმინოლოგიური პრინციპებისა და მეთოდების ფუნდამენტური საჭიროებების მიმართ (ისევე, როგორც აქტივობები და გამოყენება) სტრატეგიული მნიშვნელობის ეროვნული პოლიტიკის სფეროებში, როგორიცაა სამეცნიერო-ტექნიკური კვლევა და განვითარება (R&D), ინფორმატიზაცია (ინფორმაციის, ცოდნისა და სიახლეების საკითხების ჩათვლით, ასევე ტექნიკური კომუნიკაცია და მედია), განათლება, ენის დაგეგმვა და ა.შ. გარდა ამისა, სოციოტერმინოლოგიის საკითხებმა აღიარება მოიპოვა კვლევისა და განვითარების მომიჯნავე სფეროებში. სახელმძღვანელო ასევე ხელს უწყობს ახალი ინსტიტუტების ან ორგანიზაციების განვითარებას ტერმინოლოგიის სფეროში.
(2) ტერმინოლოგიის დაგეგმვისა და ენის დაგეგმვის სფეროებში სულ უფრო და უფრო აღიარებული ხდებოდა დარგობრივი ენისა (ცხადია, ტერმინოლოგიების ჩათვლით) და საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ურთიერთმიმართება. რამდენიმე ქვეყანაში ეს აღისახა კანონმდებლობაშიც და ენისა და ტერმინოლოგიის დაგეგმვის ინსტიტუტების დაარსებაშიც კი. ამ მიზნით შეიქმნა ან გარდაიქმნა ICT სისტემები.
(3) სტანდარტიზაციის სამყაროში სახელმძღვანელოს განიხილავდნენ, როგორც საფუძველს საერთაშორისო სტანდარტის – ISO 29383:2010 ტერმინოლოგიის პოლიტიკა – შემუშავება და განხორციელება – პირველი გამოცემისათვის, რომელიც შეიქმნა საჯარო ადმინისტრაციაში, განათლებასა და ინდუსტრიაში გამოსაყენებლად. სტანდარტი შემოწმდა სამხრეთაფრიკელი ექსპერტების ხელმძღვანელობით და გამოქვეყნდა, როგორც ISO 29383:2020 ამავე სახელწოდებით. არსებობს მოსაზრებები, რომ ეს სტანდარტი გადაიქცევა სტანდარტების სერიად, რომელთაგანაც თითოეული ყურადღებას გაამახვილებს ტერმინოლოგიის დაგეგმვასთან დაკავშირებულ საკითხებზე, მაგალითად, მიემართება საზოგადოების სპეციალურ ნაწილს ან ჯგუფს. ყოველ შემთხვევაში, ISO 29383 ავსებს სხვა სტანდარტებს, რომლებიც შემუშავებულია ტექნიკური კომიტეტის – ISO/TC 37 „ენა და ტერმინოლოგია“ – მიერ.
ზემოაღნიშნული ღონისძიებები გრძელდება, ვითარდება მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. მრავალ ენობრივ საზოგადოებაში შეისწავლეს და გამოიყენეს სახელმძღვანელო; ზოგი ცდილობს თარგმნოს იგი საკუთარ ენაზე. სიხარულით მივესალმებით ქართულ თარგმანს, მეთორმეტე ენობრივ ვერსიას იუნესკოს ამ პირველი დოკუმენტისა, რომელიც ფართოდაა აღიარებული ოფიციალურად.
ჩვენ განსაკუთრებით ვაფასებთ საქართველოს ვუკოლ ბერიძის ტერმინოლოგიის ასოციაციის ძალისხმევას ამ თარგმანის ორგანიზებისთვის, განსაკუთრებით დოქტორ ზაალ კიკვიძის სრულყოფილ თარგმანს და თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის თარგმითი ლექსიკონებისა და სამეცნიერო ტერმინოლოგიის განყოფილების თანამონაწილეობას. ჩვენ ასევე დიდად ვაფასებთ ამ თარგმანის მხარდაჭერას იუნესკოს საქართველოს ეროვნული კომისიის მიერ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან კონსულტაციების საფუძველზე. არანაკლები მადლიერებითაა დასაფასებელი იუნესკოს შტაბ-ბინის მიერ თარგმანის წახალისება.
ინფოტერმის სახელით მინდა გამოვხატო ჩვენი დიდი კმაყოფილება ტერმინოლოგიის პოლიტიკის სახელმძღვანელოს ქართულად თარგმნის გამო და ვუსურვო აღიარება, განხორციელება და წარმატებით გამოყენება სხვადასხვა დონეზე, მრავალ სამეცნიერო-ტექნიკურ სფეროსა თუ საგანში საქართველოსა და ქართულენოვანი საზოგადოების საკეთილდღეოდ მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
ვენა, 2022 წლის 10 მარტი, დოქტორი ქრისტიან გალინსკი
ინფოტერმის დირექტორი