2014 წლის 28-29 ოქტომბერს თსუ აარნ. ჩიქობავას სახელობის ინსტიტუტში გაიმართა როგნედა ღამბაშიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი „სამეცნიერო ტერმინოლოგია II” კონფერენცია.
მისი გულის სითბო ყველას ეკუთვნოდა
ადამიანები სხვა ადამიანებთან ურთიერთობისას სწავლობენ სპეციალობის, პროფესიონალიზმის, კულტურისა და სხვ. მრავალფეროვნებას. ბედნიერი და შინაგანად ამაყია ყველა, ვისაც ურთიერთობა ჰქონდა გამორჩეულ პიროვნებასთან, შესანიშნავ მკვლევართან, ქართული სამეცნიერო ტერმინოლოგიის ამაგდართან ქალბატონ როგნედა ღამბაშიძესთან. მისი სამეცნიერო დამსახურება და პიროვნული თვისებები მრავალწახნაგოვანი იყო, შესაბამისად, დიდებული ქალბატონის ღირსებების ყოველმხრივი და სრულყოფილი შეფასება, პრაქტიკულად, შეუძლებელია.
ჩვენ შევეხებით მისი პორტრეტის მხოლოდ იმ შტრიხებს, რომლებმაც ჩვენზე ნაცნობობის ხანგრძლივ პერიოდში განუმეორებელი და დაუვიწყარი შთაბეჭდილება დატოვა. ვიხსენებთ იმ ფაქტებს, რომელთა შემსწრე, მსმენელი ან მონაწილე ვყოფილვართ. აღვნიშნავთ იმ თვისებებს, რომლებმაც მისი პიროვნებისადმი ჩვენი უდიდესი პატივისცემა და სიყვარული გამოიწვია. დარწმუნებული ვარ არის მრავალი პიროვნება, რომლებიც მისი ადამიანური და სულიერი სითბოს დახასიათებას უფრო სრულად და ჩვენზე უკეთ შეძლებენ. ჩვენთვის დიდი ბედნიერება იქნება, თუ მკითხველის გულამდე გზას გაიკვლევს ქალბატონ როგნედაზე გამოთქმული ჩვენი მოკრძალებული მოსაზრებაც.
ჩვენი ნაცნობობა დაიწყო გასული საუკუნის 90-იან წლებში. მოგეხსენებათ, ქვეყნის რეალური სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობა და იმდროინდელი ცხოვრების პირობები არ იძლეოდა საქმის კეთების „ფუფუნებას“. ყოველმხრივ შეზღუდული შესაძლებლობების მიუხედავად, არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი მთლიანად და სამეცნიერო ტერმინოლოგიის განყოფილება ჩვეული ენერგიით განაგრძობდა საქმიანობას. მრავალი საზრუნავით დატვირთული ქალბატონი როგნედასა და მის ირგვლივ შემოკრებილი თანამშრომლების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ისინი თავიანთ მოვალეობას ქართული სამეცნიერო ტერმინოლოგიის განვითარებას მიუხედავად წინააღმდეგობებით სავსე ყოველდღიურობისა, ერთ მუშტად შეკრულნი ემსახურებოდნენ. იმ გაუსაძლის დროსაც ტერმინოლოგიის საკითხებით დაინტერესებული ორგანიზაციებისათვის, დამწყები თუ მრავალნაცადი მკვლევრებისათვის განყოფილების კარი ღია იყო.
ამ პერიოდში ენათმეცნიერებისათვის სრულიად უცნობი, როგორც ამბობენ, ციდან ჩამოვარდნილივით, ბარათებით სავსე დიდი ჩანთით „გამოვეცხადე“ ჩემი მეგობრის ხანგრძლივი და დაჟინებული მოთხოვნით ქალბატონ როგნედას. ინსტიტუტში პირველი ოთახი, რომლის კარზეც ამოვიკითხე სამეცნიერო ტერმინოლოგიის განყოფილება, ქალბატონი როგნედას კაბინეტი აღმოჩნდა. მე შიშითა და მორიდებით ჩუმად დავაკაკუნე კარზე. შიგნიდან გამოსულმა ხმამ ოთახში მიმიწვია. ალბათ, დღეს ვერ მოვახერხებ ჩემი იდროინდელი მდგომარეობის აღწერას. ვიტყვი მოკლედ: მე, ტექნიკური განათლების მქონე, ნირწამხდარი და შემცბარი ვიდექი ორი პროფესიონალი ტერმინოლოგი ქალბატონის წინაშე (იმ დროს იმავე ოთახში მუშაობდა ქალბატონი რუსუდან ჩხენკელიც). მივესალმე მათ და… მეტი ვერაფერი… ყველანი გარკვეული მოლოდინით ვიყავით შეპყრობილი. ვიდექი ქალბატონების წინაშე და არ ვიცოდი, საიდან დამეწყო საუბარი და როგორ ამეხსნა მისვლის მიზეზი. ნათლად მახსოვს, ქალბატონმა როგნედამ კეთილგანწყობილი მზერით მიმანიშნა დაიცადე, სათქმელი ცოტა ხნით გადავდოთ, ჯერ ერთმანეთს გავუშინაურდეთო. მისი პირველი შემოთავაზება ლაკონიური იყო, „დავსხდეთ! ალბათ უნდა ვისაუბროთ, ეს კი მაგიდასთან უკეთ გამოგვივაო“…
მოგვიანებით მრავალჯერ გამიანალიზებია ჩვენი პირველი შეხვედრა. ყოველთვის მეტად მარტივ, მაგრამ ამაღლებულ დასკვნამდე მივდიოდი… თავისი მახვილგონიერებით, საზრიანობით, შინაგანი კულტურითა და ინტელიგენტურობით ქალბატონი როგნედა სწორად აღიქვამდა და გაგებით უდგებოდა მოსაუბრის ქცევებს. საკუთარ მაგალითზე დავრწმუნდი, რომ მასთან საუბრისას ნირწამხდარი ადამიანი თანდათან იბრუნებდა თავდაჯერებულობასა და საკუთარი ღირსების რწმენას, კარგავდა უსუსურობისა და არასრულფასოვნების შეგრძნებებს, იბრუნებდა ბუნებრიობას და ეხსნებოდა დაძაბულობა. ქალბატონი როგნედა ძალდაუტანებლად გითავისუფლებდა სასაუბრო სივრცეს. მან ზოგადი კითხვებით (ვინ ვიყავი, სკოლა სად დავამთავრე და მისთ.) თანდათან შექმნა ურთიერთნდობის ატმოსფერო. ამის შემდეგ აღარ იყო ძნელი გულწრფელად მომეყოლა და ამეხსნა ჩემთვის „საკუთარი მოხმარების-თვის“ „ბავშვური თამაშით“ შედგენილი ლექსიკონის ინსტიტუტში მიტანის მიზანი.
ბარათების გადათვალიერების შემდეგ ქალბატონმა როგნედამ დაიტოვა ისინი და დასკვნების გამოსატანად ერთი თვის ვადა დამინიშნა. მე ნახევრად ხუმრობით მივმართე ქალბატონს: „რად უნდა ერთი თვე მათ დაწუნებას? მე წაკითხვას ერთ დღეში ვამთავრებ“… ტელეფონის ნომრების გაცვლის შემდეგ მანაც ხუმრობით მიპასუხა: „თუ რაიმე კარგს ვნახავ, მაშინვე ტელეფონით დაგიკავშირდები“… გულიანად ვიცინეთ…
გამომშვიდობების შემდეგ ასეთი მიღებით კმაყოფილმა, დავტოვე ქალბატონის სამუშაო ოთახი და დავხედე საათს. ჰოი, საოცრებავ, ქალბატონ როგნედასთან საუბრისას სულ რაღაც 20 წუთში გამივლია უდიდესი გზა შეცბუნებული და თავის თავში რწმენადაკარგული ადამიანიდან იმ ადამიანამდე, რომელსაც შეეძლო „ეროვნული საქმის კეთება“ და მას იგი აუცილებლად უნდა გაეკეთებინა (ეს მისი სიტყვებია).
ჩვენი პირველი შეხვედრიდან 27-ე დღეს (დღეებს ვითვლიდი) დამირეკა ქალბატონმა როგნედამ და მთხოვა ინსტიტუტში მისვლა. შეხვედრისას მოკლედ მითხრა: „თქვენ ლექსიკონის შედგენისადმი კარგი მიდგომა გაქვთ და, იმედია, ამ მიმართულებით მუშაობას გააგრძელებთ“. მაჩვენა რამდენიმე ასეული ცალკე გადაწყობილი ბარათი და მითხრა, თუ ნებას დამრთავთ, ამ ტერმინებს ტექნიკის ტერმინოლოგიის ახალ ვერსიაში ჩავრთავთო (დღესაც ინსტიტუტში არსებობს ლექსიკონის სამუშაო ეგზემპლარი, რომელშიდაც მისი ხელით ჩაწერილია ტერმინები მინიშნებით ო.შ.). შემდეგ დაუფარავად გამოხატა ნაშრომით მინიჭებული კმაყოფილება, შემიქო იგი და მიბიძგა ახლის კეთებისაკენ… მრავლის მთქმელი იყო ამ დროს ქალბატონი როგნედას გამოხედვა. მისი თვალები ანათებდა და სიკეთეს ასხივებდა, ამავე დროს შეინიშნებოდა ფარული მოთხოვნის ელემენტებიც. მოთხოვნა იყო ერთი: გააგრძელე! იმ დღიდან მე დავემსგავსე მშიერ ბავშვს, რომლისთვისაც „ბავშვური თამაში“ უფრო მნიშვნელოვანი გახდა, ვიდრე ჭამა… მისი გავლენით თავით გადავეშვი ახალ სამყაროში. მიუხედავად მშფოთვარე დროისა და მძიმე სამუშაო პირობებისა, თავს ბედნიერად ვგრძნობდი.
ქალბატონმა როგნედამ დიდი ბიძგი მისცა ჩემს თანამშრომლობას სამეცნიერო ტერმინოლოგიის განყოფილებასთან. მისი დამსახურებით 30 წელზე მეტია სიხარულით ვაღებ ამ განყოფილების კარს. იქ კი ჩემთვის ახლობელი ადამიანები მხვდებიან. ეტყობა, ქალბატონი როგნედა საფუძვლიანად გაერკვა ჩემს ფეთქებად ხასიათში და საპირისპირო თვისებების მქონე ქალბატონ ინგა ჯიბუტთან სათანამშრომლოდ „გამამწესა“… მინდა გავაფრთხილო ყველა, ვინც მუშაობს ან იწყებს მუშაობას ქალბატონ ინგასთან: იცოდეთ! ეს ნაზი, მომხიბვლელი, მაღალკვალიფიციური და კულტურული, რბილი ხასიათის მქონე ქალბატონი სინამდვილეში (როცა საკითხი ქართული ენის სიწმინდის დაცვას ეხება), ქართული სამეცნიერო ტერმინოლოგიის ურყევი მეციხოვნე, „სიტყვაგაუმტარი აბჯარასხმული“ მცველია. დიდი მადლობა ქალბატონ როგნედას ასეთი გადაწყვეტილების მიღებისათვისაც…
ორიოდე სიტყვით შევეხებით ქალბატონი როგნედას ჩვენ მიერ დანახულ პიროვნებას. იგი იყო შინაგანად სრულიად თავისუფალი, გულწრფელი, სამართლიანი, ხასიათდებოდა ადამიანური მომხიბვლელობით, გონიერებითა და მიზანსწრაფულობით, იყო საუკეთესო მოსაუბრე და გამორჩეული მსმენელი, პირადი ღირსებით აღვსილი მუდამ მზად იყო გონივრულ კომპრომისებზე წასასვლელად… მისი პიროვნული ღირსების საზომი სხვისთვის გაწეული სამსახური და კეთილი დამოკიდებულება იყო. მასთან ურთიერთობისას გაუცნობიერებლად გრძნობდი, რომ ბრძენი და კეთილი ადამიანის გვერდით იყავი. ამ დროს ყველას ეზრდებოდა ხედვის ჰორიზონტი და განსახილველ საკითხზე ეძლეოდა სხვაგვარი დაკვირვების შესაძლებლობა. იგი მხარში ედგა და ამხნევებდა ყველას, ვისაც სწავლისა და პროფესიული ზრდისკენ მიდრეკილება ჰქონდა.
მრავალ ადამიანს ახსოვს, როგორი სიმამაცით ებრძოდა განუკურნებელ სენს… მიუხედავად ყველაფრისა, ის სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე აკვალიანებდა და რჩევებს აძლევდა ყველას, ვინც ამას საჭიროებდა.
დარწმუნებული ვართ, ადამიანებისადმი გულითადი, კეთილი დამოკიდებულება მისი შინაგანი ბუნებიდან მოდიოდა. მას არ ჰქონდა განსხვავებული მიდგომა „რჩეულებისადმი“. ის ყველას ერთგული, კეთილის მსურველი და მზრუნველი იყო. მისი გულის სითბო ყველას ეკუთვნოდა. სხვებზე ასეთი გულწრფელი მზრუნველობა ჯილდოვდებოდა გარშემომყოფთა ნდობით, მეგობრობითა და უდიდესი სიყვარულით. ყოველივე ამის დასტურად მის მოსაგონრად გამართული დღევანდელი შეხვედრაც კმარა…
ომარ შურაძე