ქართული ენა სავსეა უცხო ტერმინებით. მეტყველებაში ჭარბად გვაქვს როგორც აღმოსავლური, ისე დასავლური სიტყვები.
მიუხედავად იმისა, რომ ქართულ ენაში, უმეტეს შემთხვევაში, შესატყვისები არსებობს, თითქოს მიზანმიმართულად უცხოურს ვეძალებით, რადგან ზოგჯერ მათი გამოყენება, კარგი ტონი გვგონია იმ ნიშნით, რომ მავანის წინაშე “კარგი ტიპი” გამოვჩნდეთ, რაც, სამწუხაროდ, დაბალ განათლებაზე მეტყველებს.
ზოგადად კი, მიმაჩნია, რომ ქართული ენა უცხო ტერმინებით დღეს პრაქტიკულად, ოკუპირებულია.
AMBEBI.GE ამ თემაზე ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო ტერმინოლოგიისა და თარგმნითი ლექსიკონების განყოფილების ხელმძღვანელს, ლია ქაროსანიძეს ესაუბრა:
– საუბარს ცოტა შორიდან დავიწყებ, რადგანაც დღევანდელ პრობლემას თავისი მიზეზები აქვს და ის არ არის მხოლოდ აწმყოს “დამსახურება”. ბევრი რამით დასტურდება, რომ ენის სიძლიერე სამეცნიერო წრეებთანაა უშუალოდ დაკავშირებული. თუ ისტორიას სიღრმისეულად გადავხედავთ, ქართული ენა ძლიერი მაშინ ყოფილა, როდესაც მას სამეცნიერო წრეები მართავდნენ, ქმნიდნენ ტერმინებს, ამდიდრებდნენ ენას. ენა ერის ისტორიის ამსახველია. მასში ყველაფერია ასახული: ჩვენი ქვეყნის სიძლიერეც და გამუდმებული ბრძოლა თვითგადარჩენისთვის. ის ერის “სისხლია”, “დნმ”-ია. დღეს, როცა გლობალიზაციაზე ვლაპარაკობთ, უნდა გავიხსენოთ ისიც, რომ საქართველო არანაკლები გამოწვევის წინაშე წარსულშიც მდგარა.
– რას გულისხმობთ?
– მოგეხსენებათ ქრისტიანობა მწიგნობრული სარწმუნოებაა. ქრისტიანული ლიტერატურის გადმოღება თუ ღვთისმსახურების გაქართულება უდიდეს ძალისხმევას მოითხოვდა. ქართველი მთარგმნელები ვეებერთელა, სრულიად ახალი სამყაროს წინაშე აღმოჩდნენ. იყო წინააღმდეგობაც, მწვალებლობის დაბრალებაც, ბერძნებს აეჭვებდათ ქართული ენის შესაძლებლობა, რამდენად შეძლებდა იგი სრულად აესახა ღვთის ენა, მაგრამ იმდროინდელმა ქართველმა მთარგმნელ-ფილოლოგებმა შესაშური სიმტკიცით დაიცვეს საკუთარი ენა.
სწორედ მაშინ შეიქმნა საღვთისმეტყველო, გრამატიკული, მათემატიკური, ფილოსოფიური ტერმინოლოგია. ამ ისტორიის გათვალისწინება არ იქნება ურიგო…
– დღევანდელ სიტუაციას როგორ შეაფასებთ?
– რაც დღეს ხდება, ეს ენაზე გაუაზრებელი ძალადობაა… უკვე მოგახსენეთ, ენის სიძლიერე სამეცნიერო წრეებზეა დამოკიდებული და, შესაბამისად, დღევანდელი ვითარებით აშკარაა, რომ აკადემიური სივრცე საქართველოში დასუსტდა. ცალკეული პროექტები ქვეყნის სამეცნიერო მუშაობას სრულყოფილად ვერ მართავს. გლობალური ეპოქის წინაშე სხვა ერებიც არიან და იქნებ მეტი გავიგოთ, როგორ იბრძვიან ენის გადასარჩენად ესტონელები, ლიტველები, ბერძნები, შვედები…
– აღმოსავლურ ნასესხობებზე თუ შევჩერდებით, აქ რა სურათია?
– აღმოსავლური ნასესხობები საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი უმძიმესი პერიოდის შედეგია. მუსულმანურ სამყაროსთან მრავალსაუკუნოვან ბრძოლაში ჩაბმულ საქართველოში, ცხადია, ენისთვის არავის ეცალა. ბუნებრივია, ქართულშიც აღმოსავლურმა ლექსიკამ იძალა… თუ ენას მომვლელი და კანონმდებელი ჰყავს, ის ძირძველ ლექსიკას არ კარგავს.
– უცხო სიტყვები არ უნდა შემოვიდეს?
– უცხო სიტყვა გამართლებულია მაშინ, თუკი ის ენას ამდიდრებს და ჩვენს არსებულ ლექსიკას არ ფარავს. თურქულ-ირანულმა ენობრივმა ოკუპაციამ ქართული ძირძველი ლექსიკა გაგვიუცხოვა (სხვათა შორის, დღეს თანამედროვე ირანისა და თურქეთის ტერმინოლოგები თავგამოდებით მუშაობენ თავიანთი ენების არაბული ლექსიკიდან გასათავისუფლებლად, რომელიც მათ ყურანმა დაუმკვიდრა).
სულხან-საბა თავისი ლექსიკონის შექმნისას აღმოსავლური უცხო სიტყვების წინაშე უძლური აღმოჩნდა, თუმცა სცადა, ქართველებისთვის ქართული სიტყვები შეეხსენებინა.
ამას მოჰყვა XIX საუკუნე, ქართული ენისთვის კიდევ უფრო მძიმე პერიოდი. XIX საუკუნის 40-50-იან წლებში ქართველი საზოგადოება რუსული სიტყვებით ისე კეკლუცობდა, როგორც ახლა თანამედროვე საზოგადოება ინგლისური სიტყვებით, რასაც ილია ჭავჭავაძის ცნობილი წერილი მოჰყვა – “ორიოდე სიტყვა, თავად რევაზ შალვას ძის ერისთავის მიერ კოზლოვითგან “შეშლის” თარგმანზედა”. ეს წერილი ეპოქალური მნიშვნელობისა აღმოჩნდა, რადგანაც ილიამ საკითხი ძალიან მწვავედ დასვა: ენა საზოგადო რამ არის და არავის აქვს მისი შეურაცხყოფის უფლება (ამ წერილის გააზრება დღესაც არ აწყენს ქართველ საზოგადოებას, რადგან დღესაც ბევრი თარგმნის და წერს ერისთავივით და წარმოდგენაც არა აქვს, როგორ ამცრობს და ანადგურებს ენას). ილია ჭავჭავაძემ ენას მეორე სიცოცხლე მიანიჭა. თავისი თანამედროვე მოწინავე საზოგადოება აიყოლია და ტერმინოლოგიურ შეკრებებზე ქართული ტერმინების შედგენას შეუდგა, რათა ქართულისთვის “სიღარიბე” არავის დაებრალებინა.
– მეტყველებაში შეცდომას ალბათ ის ადამიანი უშვებს, ვინც ეს ყველაფერი არ იცის და განათლების დეფიციტი აქვს…
– რა თქმა უნდა, ასეა. ჩვენი ისტორია რომ ვიცოდეთ, ამდენ შეცდომას არ დავუშვებდით… 1920 წელს პირველი ქართული ტერმინოლოგიის ლექსიკონი შეიქმნა. ტექნიკური ლექსიკონის ერთ-ერთი ავტორის, ვასილ კაკაბაძის, აზრით, უცხო სიტყვები ესპერანტოს დაამსგავსებდა ქართულს. თუ ყველა დარგში უცხო ტერმინს შემოვიღებთ, ქართულ ენას დავკარგავთო, – წერდა იგი, თუმცა, სამწუხაროდ, მისმა აზრმა ვერ გაიმარჯვა. საბჭოთა ეპოქაში განსხვავებულად წარიმართა ქართული ტერმინთშემოქმედება, რომელსაც ფილიპე მახარაძე ჩაუდგა სათავეში. ფილიპე მახარაძე უცხო სიტყვების მომხრე იყო, შესაბამისად, შეაჩერა ნიკოლაძეებისა და მათ თანამედროვეთა მიერ წამოწყებული შესანიშნავი ქართული ტერმინთშემოქმედება.
XX საუკუნის საბჭოთა ეპოქაში იძალა ე.წ. საერთაშორისო ტერმინებმა. საერთაშორისობა გარკვეულ მწვანე შუქად იქცა მრავალი სიტყვისთვის, თუმცა ეს საერთაშორისობაც ბოლომდე გაურკვეველ ცნებად რჩებოდა, მაგალითად, რატომ ერქვა “შტეფსელს” საერთაშორისო სიტყვა, როცა იგი მხოლოდ ორ ენაში იხმარება, გაურკვეველია. მაგრამ, მიუხედავად საბჭოთა მითითებებისა, ამ ეპოქაში მოღვაწე დიდი ქართველი მეცნიერები ყველაფერს აკეთებდნენ ქართული ტერმინოლოგიური სკოლის განსავითარებლად. ენათმეცნიერების ინსტიტუტში შეიქმნა 100-ზე მეტი ტერმინოლოგიური და თარგმნითი ლექსიკონი, რომლებსაც სამეცნიერო ენა ეყრდნობოდა, სახელმძღვანელოები, საქმისწარმოება. სამწუხაროა, რომ საბჭოთა ეპოქას გაცილებით ჩამოვრჩებით დღეს.
– ე.ი. დღეს ბევრი პრობლემის წინაშე ვდგავართ…
– ტერმინოლოგიის ისტორია იკითხება ესტონეთში, შვედეთში, გერმანიაში, რუსეთში… რისთვის სწავლობენ? ე.ი. საჭიროა. ჩვენი ზოგადი ჭირია ყველაფრის ყოველთვის თავიდან დაწყება… 90-იან წლებში, როცა მსოფლიოს ლექსიკოგრაფია ინტერნეტსივრცეში გადაჰქონდა, ჩვენ ისევ არ გვეცალა ამისთვის. მოგვიანებით კი ე.წ. პროექტულმა ეპოქამ სრულად გაანადგურა ენის ერთადერთი აკადემიური კვლევითი ინსტიტუტი, თუმცა ახალი ვერაფერი შესთავაზა ქვეყანას. სამწუხაროდ, ამის გამაანალიზებელიც არავინაა, პატარა ჯგუფების დაფინანსება სჯობს თუ კვლევითი ინსტიტუტის გაძლიერება. ცხადია, სხვა ქვეყნების გამოცდილების შესახებ მეტი უნდა იცოდნენ რეფორმატორებმა. დღეს საქართველოში აკადემიური ინტერნეტსივრცე არ არსებობს და ვერც იარსებებს ძლიერი სამეცნიერო ინსტიტუტის გარეშე, რომელიც ქვეყანაში ცენტრალიზებულად წარმართავს ტერმინოლოგიურ მუშაობას. დღეს ყველა უნივერსიტეტს თავისი მთარგმნელები, ტერმინოლოგები და, საერთოდ, საკუთარი ენა აქვს.
საუბარი, რითიც დავიწყე, იმითვე განვაგრძობ: ენის რთული მდგომარეობა არ არის დამოკიდებული რომელიმე ჟურნალისტზე, თითს რომ ასე გამალებით იშვერენ მათკენ, პრობლემა ქვეყანაში აკადემიური მუშაობის შესუსტებაშია. გინახავთ, რა ენით, ტერმინებით დაწერილი სახელმძღვანელოებით ზრდიან სტუდენტებს? რას ვითხოვთ მათგან?
– დღეს თითქოს კარგ ტონად ითვლება, თუ მეტყველებაში ინგლისურ ტერმინს გამოიყენებენ ან დაწერენ…
– დღევანდელი საქართველო ძალიან ჰგავს XIX საუკუნის დასაწყისისას, როცა ბევრი ქართველი ირწმუნებოდა, ქართული პატარა ერის ენაა და ბუნებრივია, მისი გაქრობაო…
– ე.ი. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ენა უცხო ტერმინებით ოკუპირებულია…
– დიახ, სამწუხაროდ ასეა და, როგორც უკვე ვთქვით, ოკუპაცია მაშინ ხდება, როდესაც საზღვარს დამცველი არ ჰყავს…
დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ენის ინსტიტუტის გადარჩენა, ვერც ერთი სასწავლო უნივერსიტეტის ჯგუფი კვლევით ინსტიტუტს ვერ შეცვლის. ინსტიტუტის გუნდური მუშაობის გარეშე ენის დაკნინება-გაღარიბება გაგრძელდება. ორ და სამწლიანი დაჩქარებული სამეცნიერო პროექტებით ენა ვერ გადარჩება. მას სახელმწიფოს დაქვემდებარებული კვლევითი ინსტიტუტი სჭირდება, რისთვისაც არსებულის განახლება სჯობს და არა დანგრევა და თავიდან დაარსება, როგორც ივანე ჯავახიშვილმა თქვა, ჩვენ ხომ ველურები არა ვართ, ყველაფერი ყოველთვის თავიდან დავიწყოთ.
დაბოლოს, გეტყვით იმასაც, რომ ენათმეცნიერების ინსტიტუტი უკვე ოთხი წელია აწყობს ტერმინოლოგიის კონფერენციას, გამოსცემს ჟურნალ “ტერმინოლოგიის საკითხებს”, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით ქმნის ქართული ტერმინოლოგიის კორპუსს. ვიმედოვნებთ, დაგვიანებით, მაგრამ მაინც შევძლებთ ქართული ტერმინოლოგიის მემკვიდრეობის გადარჩენას და მომავალი თაობებისთვის მისი ისტორიის გადაცემას. საზოგადოებას ვთავაზობთ საჯარო მოხსენებებს ქართული ტერმინოლოგიის ისტორიის შესახებ. მზად ვართ, ვუპასუხოთ ნებისმიერ ჟურნალისტს სურვილის შემთხვევაში.
ლალი ფაცია
AMBEBI.GE